თბილისის სააუქციონო სახლი
წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“-ს (შემდგომში — „სააუქციონო სახლი“) მიერ ორგანიზებულ გაყიდვებსა და სხვა პროფესიულ საქმიანობას, ადგენს მასში მონაწილეობის წესებს, განსაზღვრავს უფლებებსა და ვალდებულებებს და ადგენს თქვენზე მოქმედ პირობებს, შეზღუდვებსა და გამონაკლისებს.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მას!
სააუქციონო სახლი წარმოადგენს საქართველოში, ქალაქ თბილისში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც აუქციონებს ატარებს როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად, ვებ-გვერდის https://auctionhouse.ge და სხვა სპეციალური ონლაინ პლატფორმების მეშვეობით.
შპს ,,თბილისის სააუქციონო სახლი“ და შპს „ჰესსინკის თბილისის სააუქციონო სახლი“ წარმოადგენენ ორ დამოუკიდებელ სამართლებრივ სუბიექტს. დაუშვებელია მათი მიჩნევა ერთობლივი საქმიანობის მხარეებად, კომპანიათა ჯგუფად, ამხანაგობად, ან აფილირheებულ პირებად. ნებისმიერი ფინანსური დოკუმენტი გაიცემა უშუალოდ თბილისის სააუქციონო სახლის მიერ.
ნებისმიერი პირი (მყიდველი, გამყიდველი ან პრეტენდენტი), რომელიც მონაწილეობს სააუქციონო სახლის მიერ ორგანიზებულ გაყიდვებში, სრულად და უპირობოდ ეთანხმება წინამდებარე პირობებს. აუქციონში მონაწილეობის ფაქტი (ბიდინგი) ადასტურებს, რომ პირი წინასწარ გაეცნო და ინფორმირებულია წესების შინაარსის შესახებ. შესაბამისად, მხარე მოკლებულია უფლებას, დაეყრდნოს პირობების ბუნდოვანებას ან მათ არცოდნას სამართლებრივი პრეტენზიის საფუძვლად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გაყიდვის პირობები შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას კონკრეტული აუქციონის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამდენად, მონაწილეობამდე აუცილებელია უშუალოდ იმ მომენტისათვის მოქმედი სპეციალური პირობების დეტალური გაცნობა.
სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს წინამდებარე პირობების, კატალოგებში მოცემული ინფორმაციის, ვებ-გვერდზე განთავსებული სხვა წესებისა და აუქციონერის მიერ საჯაროდ გაჟღერებული შეტყობინებების ერთობლიობა. ეს წესები არეგულირებს მხარეთა ურთიერთობას ლოტის რეალიზაციის პროცესში, ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც მხარე მიმართავს სააუქციონო სახლს ქონების დათვალიერების, ექსპერტიზის, შეფასების ან სხვა თანმდევი მომსახურების მოთხოვნით. შესაძლოა არსებობდეს ცალკეული სახის ლოტების რეალიზაციის წესები, რომელიც ცალკეულ საკითხებს არეგულირებს განსხვავებულად. ამ შემთხვევაში, წინააღმდეგობისას, უპირატესობა მიენიჭება სპეციალურ წესებს.
სააუქციონო სახლი, როგორც წესი, მოქმედებს როგორც გამყიდველის აგენტი (წარმომადგენელი). შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება უშუალოდ გამყიდველსა და მყიდველს შორის, თუ სხვა რამ პირდაპირ არ არის წინასწარ განსაზღვრული. ლოტების აღწერილობა ეფუძნება გამყიდველის მიერ მოწოდებულ მონაცემებს.
სააუქციონო სახლი არ იღებს პასუხისმგებლობას რომელიმე ლოტის სრულ სამართლებრივ ან ტექნიკურ ექსპერტიზაზე. მყიდველებს ეკისრებათ ვალდებულება, პირადად ან დამოუკიდებელი ექსპერტების მეშვეობით უზრუნველყონ ლოტის სათანადო დათვალიერება და შეფასება, რათა დარწმუნდნენ მის ავთენტურობაში, მახასიათებლებსა და ფიზიკურ მდგომარეობაში.
დოკუმენტის სტრუქტურა და ტერმინოლოგია
სამუშაო პროცესის გამარტივების მიზნით, დოკუმენტი დაყოფილია შემდეგ სექციებად:
სექცია A: განმარტავს დოკუმენტში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს;
სექცია B: მოიცავს პირობებს, რომლებიც უშუალოდ ეხება მყიდველებს;
სექცია C: განსაზღვრავს ტერიტორიაზე მოქმედ უსაფრთხოების წესებსა და ტერმინოლოგიას;
სექცია D: პირობები, რომლებიც უპირატესად ეხება გამყიდველებს
სექცია E: ზოგადი პირობები
სექციები A-დან E-მდე: წარმოადგენს „ზოგად პირობებს“, რომლებიც ვრცელდება ყველა ტიპის გაყიდვაზე.
წინამდებარე პირობებში გამოყენებული ტერმინები „ჩვენ“ და „ჩვენი“ მიემართება სააუქციონო სახლს, აუქციონერს, ხოლო „თქვენ“ - არსებულ ან პოტენციურ მყიდველებსა და გამყიდველებს, კონტექსტის გათვალისწინებით.
სექცია A
ამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება და დეფინიცია
წინამდებარე „საქმიანობის პირობებში“ მოცემულ ტერმინებს ენიჭებათ ქვემოთ მოცემული მნიშვნელობები:
დეფინიციები:
,,წესები და პირობები“, ან ,,საქმიანობის პირობები“ – ეს დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წარმოადგენს სააუქციონო სახლის აბსოლიტურ დისკრეციას.
„Hammer Price“ ან ,,ჩაქუჩის ფასი“: ნიშნავს ფასს, რომლის დაფიქსირებისას აუქციონერი ჩაქუჩის დარტყმით ან სხვაგვარი დადასტურებით ლოტს მყიდველზე რეალიზებულად (მიკუთვნებულად) აცხადებს; ხოლო აუქციონის შემდგომი გაყიდვის შემთხვევაში - მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასს. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ მოიცავს „მყიდველის საკომისიოს“, მოქმედ გადასახადებსა და სხვა „ხარჯებს“.
„მყიდველი“: ნიშნავს პირს, რომლის შეთავაზებული უმაღლესი ფასიც მიღებულ იქნა აუქციონერის მიერ, ან ასეთი პირის მარწმუნებელს.
„ხარჯები”: ნებისმიერი ლოტის გაყიდვასთან დაკავშირებით ნიშნავს სააუქციონო სახლის მოსაკრებლებსა და დანახარჯებს დაზღვევის, კატალოგის წარმოების, რეპროდუქციისა და ილუსტრირებისთვის; ასევე ნებისმიერ საბაჟო მოსაკრებელს, სარეკლამო, შეფუთვისა თუ ტრანსპორტირების ხარჯებს, რეპროდუქციის უფლების მოსაკრებელს, გადასახადებს, ტესტირების, კვლევისა თუ ლოტთან დაკავშირებული მოკვლევის ხარჯებს, ან ვალდებულების დამრღვევი მყიდველისგან ნივთის ამოღების ხარჯებს, რასაც ემატება დღგ-ის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
„სარეზერვო ფასი“: ნიშნავს „ჩაქუჩის ფასის“ მინიმალურ ზღვარს, რომელზე დაბლაც ლოტის რეალიზაცია არ არის მისაღები გამყიდველისთვის (გარდა „გამყიდველის პირობების“ მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა).
„გაყიდვიდან მიღებული წმინდა ამონაგები“: ნიშნავს სააუქციონო სახლის მიერ ფაქტობრივად მიღებული რეალიზებული ლოტის „ჩაქუჩის ფასს“, „გამყიდველის საკომისიოსა“ და „ხარჯების“ გამოკლებით.
„მყიდველის საკომისიო“, ,,მყიდველის პრემიუმი“: ნიშნავს „Hammer Price“-ზე დამატებულ საკომისიოს, რომელიც მყიდველმა უნდა გადაუხადოს სააუქციონო სახლს კატალოგში ან/და ვებ-გვერდზე მითითებული, ან აუქციონის დარბაზში გაყიდვის მომენტისთვის გამოცხადებული ტარიფების შესაბამისად, დამატებული დღგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
„მთლიანად გადასახდელი თანხა“: ნიშნავს რეალიზებული ლოტის „Hammer Price“, დამატებული „მყიდველის საკომისიო“ და ნებისმიერი სხვა მოსაკრებელი, პროცენტი, გადასახადი თუ ხარჯი, რომელიც უნდა დაფაროს მყიდველმა.
„გამყიდველი“: ნიშნავს მესაკუთრეს, მესაკუთრის აგენტს (წარმომადგენელს) ან პირს, რომელიც გაყიდვის უფლებით მართლზომიერად ფლობს აუქციონზე რეალიზაციისთვის განკუთვნილ ნივთს. მესაკუთრეთა, აგენტთა ან მფლობელთა სიმრავლის შემთხვევაში, თითოეული მათგანი იღებს სოლიდარულ პასუხისმგებლობას ყველა იმ ვალდებულებაზე, განცხადებაზე, გარანტიასა თუ კომპენსაციაზე, რომლებიც მოცემულია წინამდებარე საქმიანობის პირობებში.
„გამყიდველის საკომისიო“: ნიშნავს საკომისიოს, რომელიც გამყიდველმა უნდა გადაუხადოს სააუქციონო სახლს ქონების გაყიდვის თარიღისთვის, ან ქონების დაკარგვისა თუ დაზიანების მომენტისთვის მოქმედი ტარიფების შესაბამისად, დამატებული დღგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სექცია B - პირობები, რომლებიც უპირატესად ეხება მყიდველებს
1. თბილისის სააუქციონო სახლის სამართლებრივი სტატუსი
სააუქციონო სახლი ლოტის რეალიზაციისას მოქმედებს გამყიდველის წარმომადგენლის (აგენტის) სტატუსით. იშვიათ შემთხვევაში, სააუქციონო სახლი შესაძლოა გამოვიდეს როგორც საკუთარი ლოტის რეალიზატორი, რის შესახებაც გამოცხადებული იქნება ლოტის რეალიზაციისას. ყველა სხვა შემთხვევაში, სააუქციონო სახლი მოქმედებს აგენტის სტატუსით, და ნასყიდობის ხელშეკრულება იდება უშუალოდ გამყიდველსა და მყიდველს შორის და წარმოშობს პირდაპირ სახელშეკრულებო ურთიერთობას მათ შორის.
სააუქციონო სახლის ვალდებულებები მყიდველის წინაშე
2. ჩვენი გარანტია ფალსიფიცირებულ (ყალბ) ლოტებთან დაკავშირებით
თუ ჩვენს მიერ რეალიზებული ლოტი შემდგომში დადასტურდება, როგორც ფალსიფიცირებული, ჩვენ გავაუქმებთ ნასყიდობის ხელშეკრულებას და მყიდველს დავუბრუნებთ მის მიერ გადახდილ მთლიან თანხას იმავე ვალუტაში, რომელშიც მან შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება.
აღნიშნული გარანტიით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი გაყიდვის თარიღიდან არაუგვიანეს სამი (3) კვირისა:
1) წერილობით შეგვატყობინებს ლოტის ნომერს, აუქციონის ჩატარების თარიღს და დეტალურად დაასაბუთებს გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც მიიჩნევს, რომ ლოტი ფალსიფიცირებულია; აგრეთვე მოგვაწვდის ნებისმიერ ინფორმაციას ან მტკიცებულებას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ნივთის ავთენტურობა ან ატრიბუცია;
2) უზრუნველყოფს უფლებრივად უნაკლო საკუთრების (Good Title) გადაცემას, თავისუფალს ნებისმიერი მესამე პირის მოთხოვნის, შეზღუდვის ან ტვირთისგან, რომელიც წარმოიშვა ლოტის შეძენის შემდეგ; და
3) დაგვიბრუნებს ლოტს იმავე ფაქტობრივ მდგომარეობაში, როგორშიც იგი იმყოფებოდა გაყიდვის თარიღისთვის (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).
თანხის დაბრუნება არ განხორციელდება, თუ:
1. ლოტი შეესაბამება კატალოგში ან/და ვებ-გვერდზე მითითებულ აღწერილობას, აგრეთვე იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც აუქციონერმა აუქციონის მიმდინარეობისას საჯაროდ გამოაცხადა (ზეპირად ან წერილობით); ან
2. გაყიდვის თარიღისთვის კატალოგში ან/და ვებ-გვერდზე მოცემული აღწერილობა შეესაბამებოდა იმ დროისთვის მეცნიერებისა და შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ საყოველთაოდ აღიარებულ მოსაზრებებს, ან აღწერილობაში პირდაპირ იყო მითითებული არსებულ ექსპერტულ მოსაზრებებს შორის აზრთა სხვადასხვაობის შესახებ; ან
3. კატალოგში ან ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტში ლოტის ფალსიფიკაციის დადგენა შესაძლებელი იყო მხოლოდ ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც იმ დროს არ იყო საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკაში, ან რომელთა გამოყენება იყო არაგონივრულად ძვირადღირებული, არაპრაქტიკული, ან შესაძლოა გამოეწვია ლოტის დაზიანება, ან ჩვენი გონივრული შეფასებით - მისი საბაზრო ღირებულების შემცირება.
3. ფალსიფიკაციის დეფინიცია
ნივთი მიიჩნევა ფალსიფიცირებულად, თუ ჩვენი გონივრული და ობიექტური შეფასებით იგი წარმოადგენს განზრახ თანამედროვე ფალსიფიკაციას, რომლის მიზანია შეცდომაში შეყვანა ნივთის ავტორობის, წარმომავლობის, თარიღის, ხნოვანების, პერიოდის, კულტურის ან წყაროს შესახებ (იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული მახასიათებლები არ არის ასახული კატალოგის ან ვებ-გვერდის აღწერილობაში), და რომლის საბაზრო ღირებულება გაყიდვის მომენტში არსებითად ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც მას ექნებოდა აღწერილობასთან სრული შესაბამისობის შემთხვევაში.
ლოტი არ ჩაითვლება ფალსიფიცირებულად მხოლოდ მისი დაზიანების, რესტავრაციის, კონსერვაციის ან ნებისმიერი სახის მოდიფიკაციის (მათ შორის, გადაღებვის) არსებობის საფუძველზე.
სააუქციონო სახლის ზოგადი პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მოვთხოვოთ მყიდველს, საკუთარი ხარჯით წარმოადგინოს შესაბამის სფეროში აღიარებული ორი დამოუკიდებელი ექსპერტის წერილობითი დასკვნა (რომელთა ვინაობაც მისაღები იქნება ორივე მხარისათვის), სადაც დასაბუთებულად იქნება მითითებული ლოტის ფალსიფიცირებულობა.
სააუქციონო სახლი იღებს ვალდებულებას, ჯეროვანი ყურადღებით განიხილოს წარმოდგენილი დასკვნები. მიუხედავად ამისა, სააუქციონო სახლი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით მიმართოს დამატებით დამოუკიდებელ ექსპერტიზას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და არ არის შებოჭილი მყიდველის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით.
მყიდველის ვალდებულება ნივთის შემოწმებასთან დაკავშირებით
4. გასაყიდად გამოტანილი ლოტის მდგომარეობა და შემოწმება
ნივთი იყიდება ყველა არსებული ნაკლით, ხარვეზითა და აღწერილობაში არსებული შესაძლო უზუსტობით. კატალოგებსა და ვებ-გვერდზე მოცემული ილუსტრაციები ემსახურება მხოლოდ ნივთის იდენტიფიკაციას. ლოტის მდგომარეობის შესახებ მითითების არარსებობა არ ნიშნავს, რომ ნივთი კარგ მდგომარეობაშია ან თავისუფალია ნაკლის, ხარვეზისა თუ რესტავრაციის კვალისგან.
ყველა ლოტი იყიდება იმ მდგომარეობაში, როგორშიც ისინი არიან წარმოდგენილნი და/ან აღწერილნი კატალოგში ან/და ვებ-გვერდზე; ამასთან, მყიდველმა ყურადღება უნდა მიაქციოს საქმიანობის პირობების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებს.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვამოწმებთ ელექტრონულ ან მექანიკურ ნივთებს გაყიდვამდე (მათი ფუნქციონირების, საექსპლუატაციო უსაფრთხოებისა თუ სხვა კუთხით) და თქვენ ხართ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი მსგავსი ნივთების შემოწმებაზე მათ შეძენამდე, მათ გამოყენებამდე. შესაბამისად, ნებისმიერ ლოტთან მიმართებით, რომლითაც დაინტერესებული ხართ, თქვენ კისრულობთ ვალდებულებას:
1. თავად დაათვალიეროთ ლოტი და გაყიდვის დაწყებამდე პირადად დარწმუნდეთ მის მდგომარეობასა და აღწერილობასთან შესაბამისობაში;
2. დაეყრდნოთ საკუთარ დასკვნებს იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა ლოტი მის აღწერილობას;
3. მიმართოთ დამოუკიდებელ ექსპერტიზას (თქვენი კომპეტენციისა და ნივთის ღირებულების გათვალისწინებით), რათა დარწმუნდეთ ნივთის ავტორობაში, ატრიბუციაში, ავთენტურობაში, ნამდვილობაში, წარმომავლობაში, თარიღში, ხნოვანებასა თუ მდგომარეობაში;
4. არ დაეყრდნოთ კატალოგში ან ვებ-გვერდზე მოცემულ ილუსტრაციებს.
თქვენი ინფორმირების მიზნით, კატალოგში ან/და ვებ-გვერდზე შესაძლოა მივუთითოთ ლოტთან დაკავშირებული ცალკეული ნაკლოვანებები თუ ხარვეზები. თუმცა ასეთი მითითებები არ არის ამომწურავი და არ გამორიცხავს სხვა არსებული დეფექტების არსებობას.
თქვენ ჩაითვლებით სათანადოდ ინფორმირებულად ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელთა აღმოჩენაც გონივრულად მოსალოდნელი იყო თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, შესაბამისი ყურადღებისა და სათანადო გულმოდგინების გამოვლენის შემთხვევაში.
სააუქციონო სახლის პასუხისმგებლობა მყიდველების წინაშე
5.1. პასუხისმგებლობა და მისი ფარგლები
სააუქციონო სახლი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით და მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით.
სააუქციონო სახლის საერთო პასუხისმგებლობა ნებისმიერი კონკრეტული ლოტის ან ტრანზაქციის მიმართ შემოიფარგლება:
მყიდველის შემთხვევაში:
მყიდველის მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხის ოდენობით, კერძოდ:
• „Hammer Price“ +
• მყიდველის საკომისიო (Buyer’s Premium)
გამყიდველის შემთხვევაში:
გაყიდვიდან მიღებული წმინდა ამონაგების ოდენობით
ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ერთსა და იმავე ლოტთან ან ტრანზაქციასთან, სააუქციონო სახლის პასუხისმგებლობა არის ჯამური და არ აღემატება ამ მუხლით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს, მიუხედავად მოთხოვნათა რაოდენობისა ან სამართლებრივი საფუძვლისა.
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს:
• არაპირდაპირ ან თანმდევ ზიანზე;
• დაკარგულ მოგებაზე;
• ბიზნესის დანაკარგებზე;
• რეპუტაციულ ზიანზე;
• მონაცემთა დაკარგვით გამოწვეულ ზიანზე.
პასუხისმგებლობა მესამე პირების ქმედებისათვის
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია:
• მესამე პირების ქმედებით ან უმოქმედობით (მათ შორის ტრანსპორტირების კომპანიები, ონლაინ პლატფორმები, ექსპერტები);
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადგინდება, რომ:
• სააუქციონო სახლმა ვერ უზრუნველყო შესაბამისი პირის სათანადო შერჩევა ან ზედამხედველობა, და
• აღნიშნული წარმოადგენს მისი მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას.
მომხმარებლის მონაწილეობა
იმ შემთხვევაში, თუ ზიანი ნაწილობრივ გამოწვეულია მყიდველის ან გამყიდველის ქმედებით ან დაუდევრობით, სააუქციონო სახლის პასუხისმგებლობა შემცირდება შესაბამისი პროპორციით.
5.2. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
სააუქციონო სახლის მიერ მყიდველისათვის მე-3 პუნქტით მინიჭებული გარანტიისა და მე-11 პუნქტით განსაზღვრული აუქციონის ჩატარების წესებთან დაკავშირებული თქვენი უფლებების გარდა:
1. სააუქციონო სახლი მყიდველის მიმართ არ გასცემს რაიმე დამატებით გარანტიას, უზრუნველყოფას ან დაპირებას. ყველა ნაგულისხმევი საგარანტიო პირობა გამორიცხულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი გამორიცხვა დაუშვებელია მოქმედი კანონმდებლობით;
2. ნებისმიერი წერილობითი ან ზეპირი განცხადება (მათ შორის კატალოგში, ვებ-გვერდზე, დასკვნებში, კომენტარებსა თუ შეფასებებში მითითებული ინფორმაცია), რომელიც შეეხება ლოტის რომელიმე მახასიათებელს ან თვისებას, მათ შორის მის ფასსა თუ ღირებულებას, წარმოადგენს შეფასებით მოსაზრებას და არა სამართლებრივად სავალდებულო გარანტიას. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან გადაიხედოს ლოტის აუქციონზე გამოტანამდე, მათ შორის საჯარო დათვალიერების მიმდინარეობისას;
3. არც სააუქციონო სახლი და არც მასთან დაკავშირებული (აფილირებული) კომპანიები, აგენტები, თანამშრომლები ან დირექტორები არ აგებენ პასუხს ასეთი განცხადებების სიზუსტეზე, გარდა განზრახი მოქმედების ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევისა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
გამონაკლისები
წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ზიანი გამოწვეულია:
• სააუქციონო სახლის განზრახი ქმედებით;
• უხეში გაუფრთხილებლობით;
• სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანებით (თუ ასეთი პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს კანონით);
• სხვა შემთხვევებზე, როდესაც პასუხისმგებლობის შეზღუდვა დაუშვებელია მოქმედი კანონმდებლობით.
6. გამყიდველის ვალდებულებების შეზღუდვა მყიდველების მიმართ
გამყიდველის ვალდებულებები თქვენს წინაშე შემოიფარგლება იმავე მოცულობითა და ფარგლებში, რა ფარგლებშიც წინამდებარე პირობებით შეზღუდულია ჩვენი (სააუქციონო სახლის) ვალდებულებები. ნებისმიერი პირდაპირი ან ნაგულისხმევი საგარანტიო პირობა, უზრუნველყოფა ან დაპირება გამორიცხულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ვალდებულებების გამორიცხვა ან შეზღუდვა დაუშვებელია მოქმედი კანონმდებლობით. ამასთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამყიდველთან ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე შევცვალოთ ან დავაზუსტოთ მის მიერ გაცემული საგარანტიო პირობები, მათ შორის მათი მოცულობა ან მოქმედების ფარგლები.
7. გამყიდველის ვალდებულებები მყიდველის მიმართ
გამყიდველის ვალდებულებები თქვენს წინაშე შემოიფარგლება იმავე მოცულობით, რა მოცულობითაც ჩვენი ვალდებულებები ვრცელდება თქვენს მიმართ. ნებისმიერი პირდაპირი ან ნაგულისხმევი პირობა ან გარანტია გამორიცხულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ვალდებულებების გამორიცხვა შეუძლებელია.
ამასთანავე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამყიდველთან შევთანხმდეთ მისი გარანტიების ცვლილებაზე.
8. ვაჭრობის პროცესი
8ა. აუქციონში მონაწილეობის უფლება
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია, საკუთარი დისკრეციული გადაწყვეტილებით და ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების ვალდებულების გარეშე, აუკრძალოს ნებისმიერ პირს აუქციონში მონაწილეობა ან უარი განაცხადოს მისი საკუთრების/სარგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე (მათ შორის შენობაში) დაშვებაზე.
8ბ. თანამშრომელთა მონაწილეობა ვაჭრობაში
სააუქციონო სახლის თანამშრომლებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ აუქციონში (გააკეთონ ბიჯი) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის წინასწარ უცნობია შესაბამისი ლოტის „სარეზერვო ფასის“ ოდენობა და ისინი სრულად იცავენ სააუქციონო სახლის შიდა წესებსა და ეთიკის სტანდარტებს თანამშრომელთა მიერ ვაჭრობაში მონაწილეობის შესახებ.
9ა. ვაჭრობა სააუქციონო დარბაზში
ვაჭრობის პროცესის ეფექტიანად ორგანიზების მიზნით, აუქციონში მონაწილეობის მსურველმა თითოეულმა მყიდველმა ვაჭრობის დაწყებამდე უნდა მიიღოს სააუქციონო ბარათი. აღნიშნული დანომრილი ბარათი გამოიყენება ვაჭრობის დროს აუქციონერისთვის ბიჯის (ფასის შეთავაზების) იდენტიფიცირების მიზნით.
ლოტის წარმატებით შეძენის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ აუქციონერმა სწორად დააფიქსირა მისი ბარათის ნომერი. ფასის დაფიქსირებასთან ან მყიდველის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა მიაპყროს აუქციონერის ყურადღება აღნიშნულ გარემოებას.
ყველა რეალიზებულ ლოტზე ინვოისი გაიცემა იმ პირის სახელზე და მისამართზე, რომელიც დაფიქსირებულია სააუქციონო ბარათის გაცემისას. მყიდველი პასუხისმგებელია ბარათის დაცვასა და შენახვაზე. მისი დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააუქციონო დარბაზის ადმინისტრაციას. ვაჭრობის დასრულების შემდეგ ბარათი ექვემდებარება დაბრუნებას.
წინამდებარე პროცედურა არ ვრცელდება საკომისიო ბიჯების ან წინასწარი წერილობითი დავალებით (შეკვეთით) მონაწილე პირებზე. ონლაინ-აუქციონებში მონაწილეობის წესები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://auctionhouse.ge.
9ბ. ვაჭრობა საკუთარი სახელით
აუქციონზე ბიჯის გაკეთებისას თქვენ მოქმედებთ საკუთარი სახელით და პირადად, ერთპიროვნულად აგებთ პასუხს თქვენს მიერ გაკეთებულ თითოეულ შეთავაზებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინასწარ არსებობს ჩვენს შორის წერილობითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც თქვენ მოქმედებთ ჩვენთვის მისაღებად იდენტიფიცირებული მესამე პირის სახელით.
ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, თქვენ და შესაბამისი მესამე პირი სოლიდარულად აგებთ პასუხს ბიჯიდან გამომდინარე ყველა ვალდებულებაზე. ამასთან, მესამე პირი ისევე ექვემდებარება წინამდებარე საქმიანობის პირობებს, როგორც პირადად ვაჭრობაში მონაწილე მყიდველი, მიუხედავად იმისა, გაეცნო თუ არა იგი მათ შინაარსს.
თქვენ გეკისრებათ ვალდებულება, სრულად და სათანადოდ აცნობოთ თქვენს მარწმუნებელს წინამდებარე საქმიანობის პირობების შესახებ.
ბიჯები და საკომისიო
10.1. ბიჯის სამართლებრივი ბუნება
აუქციონში მონაწილეობა და ბიჯის (ფასის შეთავაზების) გაკეთება წარმოადგენს მყიდველის სამართლებრივად სავალდებულო შეთავაზებას, რომელიც აუქციონერის მიერ მიღებისთანავე (მათ შორის ჩაქუჩის დარტყმით ან სხვა მკაფიო დადასტურებით) გარდაიქმნება სავალდებულო ნასყიდობის ხელშეკრულებად.
მყიდველი აღიარებს, რომ ბიჯის გაკეთებამდე მას მიეწოდა საკმარისი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად.
მიუხედავად იმისა, რომ მყიდველის ინტერესების დაცვის ყველაზე უსაფრთხო გზა არის აუქციონზე პირადი დასწრება, თქვენ უფლებამოსილი ხართ მონაწილეობა მიიღოთ „საკომისიო ბიჯის“ დატოვებით ან სატელეფონო კავშირის საშუალებით, ქვემოთ განსაზღვრული წესების დაცვით. აღნიშნული მომსახურება ხორციელდება უსასყიდლოდ.
სატელეფონო ან სხვა დისტანციური საშუალებით წარმოდგენილი დაუსწრებელი ბიჯები მიიღება გამომგზავნის რისკით და ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დადასტურდება ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან წერილობითი ფორმით.
დაუსწრებელი ბიჯის შესაბამისი ფორმა სააუქციონო სახლს უნდა წარედგინოს შესაბამისი სააუქციონო სესიის დაწყებამდე არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე.
10.2. Cooling-off უფლების გამოყენება და შეზღუდვა
იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს როგორც მომხმარებელი ევროკავშირის სამართლის მნიშვნელობით, მას შესაძლოა ჰქონდეს დისტანციური ხელშეკრულებიდან უარის თქმის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
• ხელშეკრულება დაიდო საჯარო აუქციონის ფარგლებში, სადაც მომხმარებელს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა პირადად ან დისტანციურად მიეღო მონაწილეობა კონკურენტულ ბიჯინგში;
• ხელშეკრულება თავისი ბუნებით ექვემდებარება იმ გამონაკლისებს, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობით.
როგორც წესი, მომხმარებელს არა აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ ის დაიდო საჯარო აუქციონის ფარგლებში, სადაც მომხმარებელს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა პირადად ან დისტანციურად მიეღო მონაწილეობა კონკურენტულ ბიჯინგში, თუ სხვაგვარი პირობა არ იქნება შეთავაზებული სააუქციონო სახლის მიერ კონკრეტულ აუქციონთან ან კონკრეტულ ლოტთან დაკავშირებით.
10.3. საკომისიო ბიჯები ფოსტით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით
ჩვენ შევეცდებით, თქვენი წერილობითი მითითებების საფუძველზე, თქვენი სახელით წარვადგინოთ ბიჯი, იმ პირობით, რომ ასეთი ინსტრუქცია მიღებულია ვაჭრობის დაწყებამდე გონივრულ ვადაში და იგი არის ნათელი, ზუსტი და ამომწურავი.
თუ კონკრეტულ ლოტზე მიღებული იქნება იდენტური ოდენობის საკომისიო ბიჯები, უპირატესობა მიენიჭება იმ ბიჯს, რომელიც ქრონოლოგიურად პირველი იქნა მიღებული.
თუმცა, ჩვენი ვალდებულება საკომისიო ბიჯების შესრულებასთან დაკავშირებით დამოკიდებულია ვაჭრობის მომენტისთვის არსებულ გარემოებებსა და სხვა ორგანიზაციულ ვალდებულებებზე, რის გამოც ვაჭრობის მიმდინარეობისას შესაძლოა ვერ განხორციელდეს მითითებული ბიჯის წარდგენა. სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს საკომისიო ბიჯის შეუსრულებლობაზე ან ნაწილობრივ შესრულებაზე ნებისმიერი მიზეზით.
10.4. სატელეფონო ბიჯები
ჩვენ შესაძლოა დაგრთოთ ნება, მონაწილეობა მიიღოთ ვაჭრობაში სატელეფონო კავშირის საშუალებით; თუმცა ასეთ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, საბოლოო თანხმობამდე მოგთხოვოთ შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და ინსტრუქციების წერილობითი დადასტურება.
სატელეფონო ბიჯის გამოყენების სურვილი სააუქციონო სახლს უნდა დაუდასტურდეს აუქციონის დაწყებამდე არანაკლებ ერთი (1) დღით ადრე. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს სატელეფონო კავშირის დამყარების შეუძლებლობაზე, კავშირის შეფერხებაზე, ტექნიკურ ხარვეზზე ან ბიჯის წარუდგენლობაზე ნებისმიერი მიზეზით.
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია აწარმოოს სატელეფონო ბიჯების აუდიოჩაწერა მტკიცებულების მიზნებისთვის.
1. ბიჯების წარდგენისათვის ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@auctionhouse.ge.
2. ცოცხალი ონლაინ ვაჭრობა ხელმისაწვდომია ყველა ჩვენი აუქციონისთვის ვებ-გვერდზე: https://auctionhouse.ge ანდა სხვა ონლაინ პლატფორმებზე.
3. ონლაინ ვაჭრობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია მისამართზე: https://auctionhouse.ge. გთხოვთ, შეავსოთ მყიდველის სარეგისტრაციო ფორმა და მოგვაწოდოთ მოქმედი პასპორტის ან მართვის მოწმობის ფოტოასლი; დამატებით, ჩვენ ვითხოვთ საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელ დოკუმენტს (თქვენს სახელზე გაფორმებული ტელეფონის ან ელექტროენერგიის გადასახადის ქვითარი).
10.5. ონლაინ ვაჭრობა
სააუქციონო სახლი უზრუნველყოფს ონლაინ, ელექტრონული და სხვა ტექნიკური საშუალებების ხელმისაწვდომობას მყიდველთა კომფორტის მიზნით.
მომხმარებელი აცნობიერებს, რომ აღნიშნული სერვისები წარმოადგენს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებულ მომსახურებას, რომელიც შესაძლოა ექვემდებარებოდეს შეფერხებებს.
მესამე პირის ოფიციალური პლატფორმით სარგებლობისას, მოქმედ მყიდველის საკომისიოს (Buyer's Premium) დაემატება მოსაკრებელი, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი გარე სისტემების მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად.
აღნიშნული დამატებითი მოსაკრებელი წარმოადგენს მომსახურების საფასურს, რომელიც დაწესებულია შესაბამისი ონლაინ პლატფორმების მიერ. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი გადამისამართდება იმ მყიდველზე, რომელიც ლოტს შეიძენს აღნიშნული სისტემით. ამასთან, ონლაინ ვაჭრობის ორგანიზებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, სააუქციონო სახლი უზრუნველყოფს დამატებითი ადმინისტრაციული და ტექნიკური რესურსების გამოყენებას.
სააუქციონო სახლი აღნიშნულ სერვისებს სთავაზობს თავის კლიენტებს როგორც დამატებით შესაძლებლობას მათთვის, ვინც ვერ ესწრება აუქციონს. თუმცა, არც სააუქციონო სახლი და არც მისი თანამშრომლები არ აგებენ პასუხს რაიმე დაუდევრობის, ხარვეზის ან ამ სერვისის განხორციელების ან შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილ შედეგებზე.
10.6. მონაცემთა დაკარგვა და მონაცემთა მთლიანობა
სააუქციონო სახლი იღებს გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა დაცვისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.
თუმცა, მომხმარებელი აღიარებს, რომ:
• ელექტრონული სისტემები ბუნებით ექვემდებარება შეცდომებსა და შეფერხებებს;
• მონაცემთა სრული სიზუსტე და შენარჩუნება არ შეიძლება იყოს აბსოლუტურად გარანტირებული;
შესაბამისად, სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს მონაცემთა დაკარგვის, დაზიანების ან შეცვლის შედეგად წარმოშობილ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადგინდება:
• უხეში გაუფრთხილებლობა ან
• განზრახი ქმედება
10.7. კიბერუსაფრთხოება და გარე თავდასხმები
სააუქციონო სახლი ახორციელებს უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც შეესაბამება:
• ინდუსტრიულ სტანდარტებს;
• ტექნოლოგიის განვითარების დონეს;
თუმცა, სააუქციონო სახლი არ იძლევა გარანტიას, რომ სისტემა იქნება სრულად დაცული:
• ჰაკინგისგან;
• კიბერშეტევებისგან;
• მავნე პროგრამებისგან;
• არასანქცირებული წვდომისგან.
მესამე პირის მიერ განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად წარმოშობილი ზიანი არ დაეკისრება სააუქციონო სახლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადგინდება, რომ:
• უსაფრთხოების ზომები აშკარად არასაკმარისი იყო, და
• ასეთი უკმარისობა წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას.
10.8. მესამე მხარის პლატფორმები
იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მონაწილეობა ხორციელდება მესამე მხარის პლატფორმების მეშვეობით:
• აღნიშნული პლატფორმები მოქმედებენ დამოუკიდებლად;
• სააუქციონო სახლი არ აკონტროლებს მათ ტექნიკურ ფუნქციონირებას;
სააუქციონო სახლი და მისი თანამშრომლები არ აგებენ პასუხს:
• მესამე მხარის სისტემურ ხარვეზებზე;
• მონაცემთა დაკარგვაზე;
• ტრანზაქციის შეფერხებაზე;
• პლატფორმის დროებით მიუწვდომლობაზე;
• სისტემურ შეფერხებებზე ან დაგვიანებაზე;
• ბიჯის დაუფიქსირებლობაზე ან არასწორად დაფიქსირებაზე;
• მონაცემთა გადაცემის შეფერხებაზე.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი პირდაპირ არის გამოწვეული სააუქციონო სახლის მიერ შესაბამისი პლატფორმის შერჩევისას სათანადო სიფრთხილის ვალდებულების დარღვევით.
10.9. მომხმარებლის პასუხისმგებლობა
მომხმარებელი ვალდებულია:
• უზრუნველყოს საკუთარი მოწყობილობისა და კავშირის ტექნიკური გამართულობა;
• დაიცვას ანგარიშის უსაფრთხოება;
• გამოიყენოს გონივრული უსაფრთხოების ზომები;
მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულებების დარღვევა ჩაითვლება თანამონაწილეობად ზიანის წარმოშობაში და გათვალისწინებული იქნება პასუხისმგებლობის განსაზღვრისას.
10.10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააუქციონო სახლის პასუხისმგებლობა ნებისმიერი ტექნიკური ან IT-თან დაკავშირებული ზიანისთვის შემოიფარგლება კანონით დაშვებული მაქსიმალური ფარგლებით და არ მოიცავს:
• არაპირდაპირ ზიანს;
• დაკარგულ მოგებას;
• ბიზნესის შეფერხებას.
10.11. აშკარა შეცდომა
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია, კეთილსინდისიერი და გონივრული შეფასების საფუძველზე, გააუქმოს, შეაჩეროს ან არ გაითვალისწინოს ბიჯი იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „აშკარა შეცდომა“.
აშკარა შეცდომა გულისხმობს ისეთ გარემოებას, როდესაც:
• ბიჯი აშკარად არ შეესაბამება ლოტის სავარაუდო ღირებულებას ან ვაჭრობის ლოგიკას;
• შეცდომა გამოწვეულია ტექნიკური ან სისტემური ხარვეზით;
• ობიექტურად დასაბუთებულია, რომ ბიჯი არ ასახავს მყიდველის რეალურ და გააზრებულ ნებას.
ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას სააუქციონო სახლი მოქმედებს:
• პროპორციულობის პრინციპის დაცვით;
• არადისკრიმინაციულად;
• აუქციონის მთლიანობისა და მონაწილეთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
სააუქციონო სახლს შეუძლია:
• გააუქმოს ბიჯი;
• ხელახლა გახსნას ვაჭრობა;
• ან მიიღოს სხვა გონივრული გადაწყვეტილება.
10.12. ინფორმაციის გამჭვირვალობა
სააუქციონო სახლი უზრუნველყოფს, რომ მყიდველს აუქციონში მონაწილეობამდე მიეწოდოს მკაფიო, გასაგები და სწორი ინფორმაცია:
• ბიჯის სავალდებულო ხასიათის შესახებ;
• გადახდისა და ვალდებულებების შესახებ;
• მომხმარებლის უფლებების შესახებ.
მყიდველი აუქციონში მონაწილეობით ადასტურებს, რომ გაეცნო აღნიშნულ ინფორმაციას.
10.13. მყიდველის პასუხისმგებლობა და კონტროლი
მყიდველი პასუხისმგებელია:
• თავისი ბიჯის სიზუსტეზე;
• თავისი ანგარიშის გამოყენებაზე;
• მოწყობილობისა და კავშირის გამართულობაზე.
მყიდველის ანგარიშიდან განხორციელებული ბიჯი ჩაითვლება ავტორიზებულად, თუ არ დამტკიცდება:
• უნებართვო წვდომა; და
• სათანადო უსაფრთხოების ზომების დაცვა მყიდველის მიერ.
10.14. ტექნიკური რისკების განაწილება
დისტანციური ბიჯინგი ხორციელდება მყიდველის რისკით.
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს ტექნიკურ შეფერხებებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მისი:
• განზრახი ქმედებით; ან
• უხეში გაუფრთხილებლობით.
10.15. საბოლოო გადაწყვეტილება და გასაჩივრება
აუქციონერის გადაწყვეტილება ბიჯების მიღებასთან ან დავასთან დაკავშირებით არის საბოლოო.
11. აუქციონის ჩატარების წესი
თითოეული ლოტის ბიჯის მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს აუქციონერი საკუთარი დისკრეციით, ლოტის სავარაუდო ღირებულებისა და ვაჭრობის მიმდინარეობისას გაკეთებული კონკურენტული შეთავაზებების გათვალისწინებით.
აუქციონერი უფლებამოსილია, გამყიდველის სახელით განახორციელოს თანმიმდევრული ბიჯები ლოტზე დადგენილ სარეზერვო ფასამდე. ამასთან, აუქციონერი ვალდებული არ არის ვაჭრობის პროცესში გააცხადოს, რომ კონკრეტული ბიჯი გამყიდველის სახელით კეთდება.
მყიდველი აღიარებს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ აუქციონერისა და გამყიდველის უფლებამოსილებებს და თანხმდება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გააჩნია და არ წარადგენს რაიმე პრეტენზიას.
ონლაინ-აუქციონებში მონაწილეობის წესები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://auctionhouse.ge.
12. ლოტის რეალიზაცია
პირი, რომლის მიერ გაკეთებული უმაღლესი ბიჯი მიღებულ იქნა აუქციონერის მიერ, ითვლება ლოტის მყიდველად.
აუქციონერის მიერ ჩაქუჩის დარტყმა წარმოადგენს უმაღლესი ბიჯის მიღების (აქცეპტის) დამადასტურებელ აქტს და განსაზღვრავს 'Hammer Price'-ს, რის შედეგადაც ლოტი ითვლება მყიდველზე რეალიზებულად.
მყიდველის მიერ გაკეთებული ბიჯი არის სავალდებულო და მისი გაუქმება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც პირდაპირ არის გათვალისწინებული წინამდებარე პირობებით ან მოქმედი კანონმდებლობით.
13. აუქციონერის დისკრეციული უფლებამოსილება
მიუხედავად ზემოაღნიშნული მე-11 და მე-12 პუნქტებისა, აუქციონერს აუქციონის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე გააჩნია აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება:
1. მოხსნას ნებისმიერი ლოტი ვაჭრობიდან;
2. ხელახლა გამოიტანოს ლოტი გასაყიდად, თუ არსებობს გონივრული საფუძველი მიიჩნიოს, რომ ვაჭრობის პროცესში მოხდა შეცდომა, გაუგებრობა ან წარმოიშვა დავა;
3. მიიღოს ან განახორციელოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება ან ქმედება, რომელიც, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია აუცილებელად ან მიზანშეწონილად აუქციონის სათანადო ჩატარების უზრუნველსაყოფად.
14. ვალუტის კონვერტაცია
აუქციონები ხორციელდება ევროში, თუ კონკრეტული ლოტის პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ანგარიშსწორება სრულდება ეროვნულ ვალუტაში (ლარი), გადახდის მომენტისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად.
15. ვიდეო გამოსახულებები
ზოგიერთ აუქციონზე, მყიდველთა და გამყიდველთა კომფორტის მიზნით, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ვიდეოგადაცემის საშუალებები. ვიდეოგადაცემის პროცესში შესაძლებელია ტექნიკური შეფერხებების ან სხვა ხარვეზების წარმოშობა. სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს ვიდეოგამოსახულების ხარისხზე, მის სიზუსტეზე ან იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება იგი ლოტის რეალურ (ფაქტობრივ) მდგომარეობასა და გარეგნობას.
გაყიდვის შემდგომი პერიოდი
16.ა. გადახდა
გამარჯვებულ პრეტენდენტს (ბიდერს) უფლება აქვს განახორციელოს ანგარიშსწორება უშუალოდ ლოტის შეძენის შემდეგ, აუქციონის დღესვე. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გამოვაგზავნით ინვოისს თქვენს მიერ რეგისტრაციისას მითითებულ საფოსტო ანდა ელექტრონულ მისამართებზე.
„მთლიანად გადასახდელი თანხა“ მოიცავს 'Hammer Price'-ს, მყიდველის საკომისიოს, სხვა რელევანტურ ხარჯებს და ყველა შესაბამის ადგილობრივ გადასახადს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს შვიდი (7) კალენდარული დღის ვადაში.
აუქციონზე შეძენილი ლოტების საფასურის გადახდა შესაძლებელია, მათ შორის, საკრედიტო ბარათის საშუალებით, მოქმედი გადახდის პირობებისა და საკომისიოების გათვალისწინებით.
16.ბ. მყიდველის საკომისიო
''Hammer Price'-ის გარდა, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, თითოეულ რეალიზებულ ლოტთან დაკავშირებით გადაიხადოს მყიდველის საკომისიო, რომელიც გამოითვლება 'Hammer Price'-ის საფუძველზე. ყველა ლოტზე ჩვენ ვაწესებთ საკომისიოს შემდეგი განაკვეთით (თუკი კონკრეტული აუქციონისათვის განსაზღვრული არ არის სხვა ტარიფი):
'Hammer Price'-ის 25% - 400,000 ევრომდე (ჩათვლით) თანხაზე;
'Hammer Price'-ის 20% იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება 400,000 ევროს და არ აღემატება 4,000,000 ევროს (ჩათვლით);
'Hammer Price'-ის 14% იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება 4,000,000 ევროს.
სააუქციონო სახლს შეუძლია კონკრეტულ აუქციონთან ან ლოტთან დაკავშირებით დაადგინოს ,,მყიდველის საკომისიოს“ განსხვავებული ოდენობა, რაც ქვეყნდება აუქციონის კატალოგში, ან თავად აუქციონზე ზეპირად ან წერილობითი ფორმით.
16.გ. გადახდის მეთოდები
ნაღდი ანგარიშსწორება:
საქმიანობის პირობების თანახმად, მყიდველები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ განახორციელონ ნაღდი ანგარიშსწორება შეძენილ ნივთებზე. ნაღდი ანგარიშსწორება მიიღება მაქსიმუმ 10,000 ევროს ოდენობით ან მისი ექვივალენტით სხვა ვალუტაში, რაც არ მოიცავს ვალუტის გადაცვლის ხარჯებს 2%-ის ოდენობით.
საბანკო გადარიცხვა:
გადახდის განხორციელებისას, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ანგარიშის ნომერი და ინვოისის ნომერი. კომპიუტერული ტრანზაქციების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს ოფისს: info@auctionhouse.ge.
ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა პრეტენდენტმა, რომელიც ახორციელებს 7,500 ევროზე მეტი ღირებულების შენაძენს, უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.
16.დ. დღგ და გადასახადები
გამარჯვებული პრეტენდენტი პასუხისმგებელია ყველა მოქმედი გადასახადის გადახდაზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ), აგრეთვე ნებისმიერ სხვა გადასახადზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას 'Hammer Price'-ზე.
დღგ-ის დარიცხვა ან შესაძლო დაბრუნება დამოკიდებულია მყიდველის ინდივიდუალურ საგადასახადო სტატუსსა და გარემოებებზე. მყიდველის ვალდებულებაა დამოუკიდებლად დაადგინოს მისთვის მოქმედი საგადასახადო ვალდებულებები და უზრუნველყოს მათი სრულად და დროულად შესრულება. დღგ, როგორც წესი, დაერიცხება მყიდველის საკომისიოს, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში - შესაბამისი ლოტის 'Hammer Price'-ზეც.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სააუქციონო სახლი რეკომენდაციას უწევს მყიდველს, მიმართოს დამოუკიდებელ საგადასახადო კონსულტანტს.
16.ე. განცალკევებული ანგარში
კლიენტებისგან მიღებული თანხები ინახება:
• განცალკევებულ საბანკო ანგარიშებზე;
• რომელიც გამიჯნულია სააუქციონო სახლის ოპერაციული სახსრებისგან.
აღნიშნული თანხები არ გამოიყენება სააუქციონო სახლის საოპერაციო ან სხვა მიზნებისთვის.
სააუქციონო სახლი მოქმედებს, როგორც ესქრო აგენტი იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია:
• მყიდველის მიერ გადახდილი თანხის დროებითი შენახვისთვის;
• ლოტის გადაცემისა და ტრანზაქციის შესრულების უზრუნველყოფისთვის;
თანხები გადაეცემა გამყიდველს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
• შესრულებულია შესაბამისი აუქციონის პირობები;
• არ არსებობს დავა ან შეზღუდვა ტრანზაქციასთან დაკავშირებით.
16.ვ. თანხების გათავისუფლება
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია გაათავისუფლოს თანხები:
• გამყიდველის სასარგებლოდ - ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ;
• მყიდველის სასარგებლოდ - ტრანზაქციის გაუქმების ან სხვა შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში;
• დავის არსებობის შემთხვევაში, თანხები შეიძლება დროებით შეჩერდეს დავის გადაწყვეტამდე.
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია:
• შეაჩეროს თანხის გათავისუფლება AML/KYC ან სანქციების შემოწმების მიზნით;
• მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია;
თანხის გადაცემა განხორციელდება მხოლოდ შესაბამისობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
16.ზ. საპროცენტო სარგებელი
თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კლიენტს არ ეკუთვნის საპროცენტო სარგებელი იმ თანხებზე, რომლებიც ინახება სააუქციონო სახლის მიერ.
16.თ. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს კლიენტის თანხებთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ზიანი გამოწვეულია:
• განზრახი ქმედებით; ან
• უხეში გაუფრთხილებლობით.
17. საავტორო ჰონორარი ნივთის გადაყიდვისას
ზოგიერთ იურისდიქციაში მოქმედი კანონმდებლობა ხელოვანს ან მის მემკვიდრეებს ანიჭებს ჰონორარის მიღების უფლებას ხელოვანის მიერ შექმნილი ნაწარმოების შემდგომი გადაყიდვის შემთხვევაში.
თუ აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება კონკრეტულ ლოტზე, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი ჰონორარი დამატებითი თანხის სახით. სააუქციონო სახლი უფლებამოსილია და ვალდებულია, აღნიშნული ჰონორარი მყიდველის სახელით გადაახდევინოს და გადაურიცხოს შესაბამის პირს ან კოლექტიურ მართვის ორგანიზაციას.
18. ნივთის გატანა
მყიდველი ვალდებულია, შეძენილი ლოტი გაიტანოს საკუთარი ხარჯებით გაყიდვის დასრულებიდან არაუგვიანეს ათი (10) კალენდარული დღის ვადაში. ლოტი არ გადაეცემა მყიდველს მანამ, სანამ იგი სრულად არ შეასრულებს სააუქციონო სახლის წინაშე არსებულ ყველა ფინანსურ და სხვა ვალდებულებას. იხილეთ აგრეთვე 24-ე პუნქტი (სამართლებრივი საშუალებები ლოტის გაუტანლობის შემთხვევაში).
19. საკუთრების უფლების გადაცემა
მყიდველი სრულად პასუხისმგებელია „მთლიანად გადასახდელი თანხის“ გადახდაზე.
საკუთრების უფლება რეალიზებულ ლოტზე მყიდველს გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სრულად იქნება დაფარული აღნიშნულ ლოტთან დაკავშირებული „მთლიანად გადასახდელი თანხა“ და სააუქციონო სახლი დაადასტურებს გადახდის მიღებას.
20. რისკის გადასვლა
შეძენილ ლოტთან დაკავშირებული ყველა რისკი გადადის მყიდველზე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე ადრეულ მომენტში:
1. ლოტის მყიდველის მიერ გატანისას;
2. „მთლიანად გადასახდელი თანხის“ სრულად გადახდისას;
3. ან გაყიდვის დღიდან სამი (3) სამუშაო დღის გასვლის შემდეგ.
რისკის გადასვლის მომენტიდან მყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი ლოტის დაზღვევაზე.
რისკის გადასვლამდე ლოტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს მიიღოს კომპენსაცია, რომლის მაქსიმალური ოდენობა არ აღემატება ლოტის სააუქციონო სახლის მიერ მყიდველისგან მიღებულ 'Hammer Price'-სა და მყიდველის საკომისიოს ჯამს. აღნიშნული კომპენსაცია არ მოიცავს არაპირდაპირ, თანმდევ ან მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებულ ზიანს.
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს ჩარჩოსა და დამცავი მინის დაზიანებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩარჩო ან მინა თავად წარმოადგენს აუქციონზე რეალიზებულ ლოტს.
21. ტრანსპორტირება, შეფუთვა და დამუშავება
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია, მყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ორგანიზება გაუწიოს ლოტის ტრანსპორტირებას მყიდველის სახელით. შეფუთვა, დამუშავება და ტრანსპორტირება ხორციელდება სრულად მყიდველის რისკითა და ხარჯებით.
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს გადამზიდველის ან მესამე პირის ქმედებაზე ან უმოქმედობაზე.
22. ექსპორტი/იმპორტი
კონკრეტული ლოტის ექსპორტი ან იმპორტი შესაძლოა საჭიროებდეს შესაბამისი ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვებას. აღნიშნული ლიცენზიის ან ნებართვის მიღება სრულად წარმოადგენს მყიდველის პასუხისმგებლობას.
ლიცენზიის გაცემაზე უარი, მისი დაგვიანება ან შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ნასყიდობის გაუქმების, გადახდის გადავადების ან ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამამართლებელ საფუძველს.
23. გადაუხდელობისას გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებები
იმ შემთხვევაში, თუ „მთლიანად გადასახდელი თანხა“ დადგენილ ვადაში სრულად არ იქნება გადახდილი, ჩვენ უფლებამოსილი ვართ, საკუთარი დისკრეციული გადაწყვეტილებით და კანონით ან ხელშეკრულებით მინიჭებული სხვა უფლებების შეუზღუდავად, გამოვიყენოთ ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი ღონისძიება:
1. გავაუქმოთ ნასყიდობა, რა შემთხვევაშიც მყიდველს დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება;
2. მყიდველის მიერ უკვე გადახდილი ნებისმიერი თანხა მივმართოთ ლოტის ხელახალ რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების, ზიანისა და დავალიანების დასაფარად;
3. განვახორციელოთ ლოტის ხელახალი რეალიზაცია აუქციონის ან კერძო გაყიდვის გზით;
4. გამოვიყენოთ გირავნობის უფლება ჩვენს მფლობელობაში არსებულ მყიდველის ნებისმიერ სხვა ნივთზე;
5. დავაკისროთ მყიდველს გონივრული იურიდიული, ადმინისტრაციული და საკოლექციო ხარჯები;
6. დავარიცხოთ პროცენტი ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე თვეში 3%-ის ოდენობით, სრული დაფარვის დღემდე;
7. უარი ვთქვათ მყიდველის შემდგომ ბიჯებზე ან მოვთხოვოთ წინასწარი დეპოზიტის წარმოდგენა მომავალ აუქციონებში მონაწილეობისათვის.
თქვენ და გამყიდველი:
1) აცხადებთ თანხმობას და ანიჭებთ უფლებამოსილებას სააუქციონო სახლს, მოაწყოს და განახორციელოს ასეთი ხელახალი გაყიდვა იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც მოქმედებს ხელახალი გაყიდვის მომენტისათვის;
2) თანხმდებით, რომ ხელახალი გაყიდვისათვის სარეზერვო ფასი და შეფასებები განისაზღვრება სააუქციონო სახლის ერთპიროვნული შეხედულებით. ხელახალი გაყიდვიდან მიღებული წმინდა შემოსავალი გამოყენებული იქნება თქვენი დავალიანების შესამცირებლად. იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი გაყიდვის შედეგად მიღებული ფასი იქნება საწყის ჩაქუჩის ფასზე (Hammer Price) დაბალი, აუქციონის სახლსა და გამყიდველს უფლება ექნებათ მოითხოვონ თქვენგან შესაბამისი სხვაობის ანაზღაურება, აგრეთვე თქვენი გადაუხდელობის შედეგად წარმოშობილი ხარჯების დაფარვა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი გაყიდვის შედეგად მიღებული ფასი გადააჭარბებს საწყის ჩაქუჩის ფასს, ზედმეტი თანხა გადაეცემა გამყიდველს.
24. ნივთის გაუტანლობისას გამოსაყენებელი საშუალებები
თუ ლოტს არ გაიტანთ 10 დღის ვადაში, სააუქციონო სახლი უფლებამოსილია უზრუნველყოს მისი შენახვა, მყიდველის რისკითა და ხარჯებით. მცირე ნივთების (რომელთა გადაადგილებაც ერთ ადამიანს შეუძლია) შენახვის საფასური შეადგენს 3 ევროს დღეში, ხოლო ავეჯისა და დიდი ლოტების -10 ევროს დღეში. თუ ლოტი დარჩება სააუქციონო სახლის მფლობელობაში 90 (ოთხმოცდაათი) დღეზე მეტი ხნით, სააუქციონო სახლს უფლება აქვს განახორციელოს მისი გაყიდვა შენახვისა და სხვა დაკავშირებული ხარჯების დასაფარად, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
სექცია C - გამოყენებული ტერმინოლოგია
ქვემოთ წარმოდგენილია წინამდებარე კატალოგსა და/ან ვებ-გვერდზე (https://auctionhouse.gen) გამოყენებული ტერმინების განმარტებები.
ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეეხება ლოტის ავტორობას, ატრიბუციას, წარმოშობას, თარიღს, ხნოვანებას, პროვენანსს (ისტორიას) ან მდგომარეობას, წარმოადგენს შეფასებით მოსაზრებას და არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფაქტობრივი გარემოების საბოლოო და უპირობო დადასტურება.
გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნოთ კატალოგში მოცემულ „ავთენტურობის გარანტიასა“ და „საქმიანობის პირობებს მყიდველთათვის“, განსაკუთრებით მე-3 და მე-4 პუნქტებს.
ავტორობის ხარისხობრივი განმარტებები (მაგალითი: DAVID TENIERS)
1. DAVID TENIERS (სახელი და გვარი სრულად): ჩვენი აზრით, ნამუშევარი ეკუთვნის აღნიშნულ ხელოვანს. როდესაც ხელოვანის სახელი უცნობია, ვარსკვლავების სერია (*), რომელსაც მოსდევს გვარი, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მოსაზრებით, ნამუშევარი შესრულებულია დასახელებული ავტორის მიერ.
2. ATTRIBUTED TO DAVID TENIERS (მიეწერება დავიდ ტენიერსს): მიუთითებს, რომ ჩვენი შეფასებით ნამუშევარი სავარაუდოდ ეკუთვნის აღნიშნულ ხელოვანს, თუმცა ავტორობის სარწმუნოება ნაკლებია, ვიდრე წინა კატეგორიაში.
3. STUDIO OF DAVID TENIERS (დავიდ ტენიერსის სახელოსნო): მიუთითებს, რომ ჩვენი შეფასებით ნამუშევარი შესრულებულია უცნობი ავტორის მიერ ხელოვანის სახელოსნოში და შესაძლოა შექმნილია ხელოვანის ზედამხედველობით ან მის მითითებით.
4. CIRCLE OF DAVID TENIERS (დავიდ ტენიერსის წრე): მიუთითებს, რომ ჩვენი შეფასებით ნამუშევარი შესრულებულია დაუდგენელი, თუმცა ხელოვანთან მჭიდროდ დაკავშირებული ავტორის მიერ.
5. STYLE OF DAVID TENIERS / FOLLOWER OF DAVID TENIERS (დავიდ ტენიერსის სტილი / მიმდევარი): მიუთითებს, რომ ჩვენი შეფასებით ნამუშევარი შექმნილია ავტორის მიერ, რომელიც მუშაობდა აღნიშნული ხელოვანის სტილში.
6. MANNER OF DAVID TENIERS (დავიდ ტენიერსის მანერა): მიუთითებს, რომ ჩვენი შეფასებით ნამუშევარი შესრულებულია აღნიშნული ხელოვანის სტილში, თუმცა სავარაუდოდ უფრო გვიანდელ პერიოდში.
7. AFTER DAVID TENIERS (დავიდ ტენიერსის მიხედვით): მიუთითებს, რომ ჩვენი შეფასებით ნამუშევარი წარმოადგენს აღნიშნული ხელოვანის ცნობილი ნაწარმოების ასლს ან რეპროდუქციას.
ხელმოწერები და წარწერები
1. ტერმინები „ხელმოწერილი“ (Signed), „დათარიღებული“ (Dated) ან „წარწერით“ (Inscribed) ნიშნავს, რომ ჩვენი შეფასებით ხელმოწერა, თარიღი ან წარწერა შესრულებულია თავად ხელოვანის მიერ.
2. ტერმინი „ატარებს ხელმოწერას“ (Bears a signature), თარიღს ან წარწერას ნიშნავს, რომ ჩვენი შეფასებით აღნიშნული ელემენტები დამატებულია სხვა პირის მიერ და არა თავად ხელოვანის მიერ.
ზომები
ლოტის ზომები მითითებულია შემდეგი თანმიმდევრობით: სიმაღლე, შემდეგ - სიგანე
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამყიდველთათვის
სექცია D - პირობები, რომლებიც უპირატესად ეხება გამყიდველებს
გამყიდველის წარმომადგენელი
სააუქციონო სახლი მოქმედებს გამყიდველის წარმომადგენლის (აგენტის) სტატუსით. გამყიდველი თანხმდება, რომ სააუქციონო სახლი უფლებამოსილია მისი სახელით განახორციელოს ლოტ(ებ)ის პოპულარიზაცია, მარკეტინგი და გასაყიდად შეთავაზება.
წინამდებარე პირობების მიზნებისათვის, „გამყიდველი“ ნიშნავს ლოტ(ებ)ის კანონიერ მესაკუთრეს ან სათანადო უფლებამოსილების მქონე პირს. ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება უშუალოდ მყიდველსა და გამყიდველს შორის.
1. გამყიდველის გარანტიები და პასუხისმგებლობა
წინამდებარე პუნქტი არეგულირებს თქვენს ურთიერთობას როგორც მყიდველთან, ისე სააუქციონო სახლთან. თქვენ იღებთ ვალდებულებას, აუნაზღაუროთ ზიანი სააუქციონო სახლს, მის თანამშრომლებს, დირექტორებსა და წარმომადგენლებს, აგრეთვე მყიდველს, ნებისმიერი ზიანის, დანაკარგის ან ხარჯისათვის, რომელიც გამოწვეულია თქვენი განცხადებების, გარანტიების ან ვალდებულებების დარღვევით.
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია, საკუთარი გონივრული შეფასებით, გააუქმოს ნებისმიერი ნასყიდობა იმ შემთხვევაში, თუ დაასკვნის, რომ დაირღვა წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება.
გამყიდველი გარანტიას აძლევს სააუქციონო სახლსა და მყიდველს, რომ ყველა შესაბამის დროს - მათ შორის ლოტის გადაცემის, აუქციონზე გამოტანისა და გაყიდვის მომენტში - შემდეგი გარემოებები შეესაბამება სინამდვილეს:
1. გამყიდველი ლოტის კანონიერი მესაკუთრეა ან ფლობს სათანადო და მოქმედ უფლებამოსილებას მესაკუთრისგან მისი გაყიდვის მიზნით;
2. აუქციონის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამყიდველი უზრუნველყოფს მყიდველისთვის ლოტზე ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო საკუთრების გადაცემას;
3. გამყიდველი წერილობით მიაწვდის სააუქციონო სახლს სრულ, ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ლოტის შესახებ, მათ შორის: საკუთრების ისტორიის (პროვენანსის), წინა მესაკუთრეთა, მესამე პირთა პრეტენზიების, არსებული ან შესაძლო შეზღუდვების, აგრეთვე ლოტის მდგომარეობის, ავთენტურობის, ატრიბუციის, ექსპორტის ან იმპორტის შეზღუდვების შესახებ;
4. ლოტის ექსპორტისა და იმპორტის პროცესში შესრულებულია ყველა მოთხოვნილი დეკლარაცია და გადახდილია ყველა შესაბამისი მოსაკრებელი და გადასახადი;
5. გამყიდველმა გადაიხადა ან გადაიხდის ყველა იმ გადასახადს, რომელიც წარმოიშობა გაყიდვიდან მიღებულ წმინდა ამონაგებზე, და წერილობით აცნობებს სააუქციონო სახლს იმ გადასახადების შესახებ, რომელთა გადახდაც შესაძლოა დაეკისროს მას თქვენი სახელით სხვა იურისდიქციაში;
6. ლოტის გადმოცემის მომენტში, თუ წერილობით სხვაგვარად არ არის გაცხადებული, იგი თავისუფალია ნებისმიერი სახელშეკრულებო, საავტორო ან სხვა მესამე პირის უფლებრივი შეზღუდვისგან, და სააუქციონო სახლს გააჩნია ლოტის ფოტოგადაღებისა და მისი გამოსახულების რეპროდუცირების უფლება მარკეტინგული და საარქივო მიზნებისთვის, ტერიტორიული და დროითი შეზღუდვის გარეშე;
7. ნებისმიერი ელექტრონული ან მექანიკური მოწყობილობა არის საექსპლუატაციოდ უსაფრთხო მდგომარეობაში მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში და არ შეიცავს ფარულ ნაკლს, რომელიც ჩვეულებრივი დათვალიერებით შეუმჩნეველია და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
გაყიდვამდე
2. მომზადება გაყიდვისთვის
თქვენ ეთანხმებით, რომ სააუქციონო სახლს გააჩნია სრული და დისკრეციული უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს შემდეგი საკითხები::
1. ქონების გაერთიანება ან დაყოფა ცალკეულ გასაყიდ ლოტებად;
2. ლოტების გაყიდვაში ჩართვის ფორმა და წესი;
3. ლოტის აღწერის, კლასიფიკაციისა და ილუსტრირების ფორმა კატალოგში, მდგომარეობის ანგარიშში ან სხვა მარკეტინგულ მასალაში;
4. აუქციონ(ებ)ის ჩატარების თარიღი, ადგილი და ფორმატი (ფიზიკური, ონლაინ ან ჰიბრიდული);
5. გაყიდვის ორგანიზებისა და ჩატარების პროცედურული წესები.
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია, ქონებასთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანით მიმართოს გარე ექსპერტებს, კონსულტანტებს, სპეციალისტებსა და რესტავრატორებს, აგრეთვე ჩაატაროს ნებისმიერი დამატებითი კვლევა, მოკვლევა ან ტესტირება როგორც გაყიდვამდე, ასევე გაყიდვის შემდეგ, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია აღნიშნული კვლევისა და ტესტირების შედეგები გაასაჯაროოს მისთვის მიზანშეწონილი ფორმით, მათ შორის პოტენციური ან რეალური მყიდველის ინფორმირების მიზნით.
3a. შეფასებები
სააუქციონო სახლის მიერ გაცემული ნებისმიერი შეფასება, იქნება იგი წერილობითი თუ ზეპირი, წარმოადგენს შეფასებით მოსაზრებას და მიეწოდება მხოლოდ საინფორმაციო/საორიენტაციო მიზნებისთვის.
გამყიდველი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს ასეთ შეფასებას, როგორც მოსალოდნელი გასაყიდი ფასის გარანტიას ან პროგნოზს.
ნებისმიერი შეფასება, მათ შორის კატალოგში, ქვითარში, წერილში ან სხვა დოკუმენტში მითითებული, შეიძლება ნებისმიერ დროს გადაიხედოს ან შეიცვალოს სააუქციონო სახლის დისკრეციით.
3b. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
ნებისმიერი განცხადება (პრეზენტაცია), წერილობითი თუ ზეპირი, მათ შორის კატალოგში, ანგარიშში, კომენტარში ან შეფასებაში მოცემული ინფორმაცია, რომელიც ეხება ლოტის ხარისხს, მახასიათებლებს, მდგომარეობას, ფასს ან ღირებულებას:
1. წარმოადგენს შეფასებით მოსაზრებას და არა გარანტიას;
2. შეიძლება გადაიხედოს ან დაკორექტირდეს ლოტის გასაყიდად შეთავაზებამდე, მათ შორის საჯარო დათვალიერების პროცესშიც.
3c. გამყიდველის მოთხოვნების შეზღუდვა
გამყიდველის ნებისმიერი მოთხოვნა სააუქციონო სახლის მიმართ (გარდა მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ნებისმიერ შემთხვევაში შემოიფარგლება კონკრეტულ ლოტთან დაკავშირებით „გაყიდვიდან მიღებული წმინდა ამონაგების“ ოდენობით.
4. ლოტის მოხსნა თქვენს მიერ
წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის/თანხმობის გაცემის შემდეგ გამყიდველს ეზღუდება ლოტის გაყიდვაზე უარის თქმის უფლება.
მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი უარს განაცხადებს ლოტის გაყიდვაზე, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ლოტის „წინასწარი შეფასების საშუალო მაჩვენებლის“ 10%-ის ოდენობით, აგრეთვე ვალდებული იქნება სრულად აანაზღაუროს აღნიშნულ ლოტთან დაკავშირებით სააუქციონო სახლის მიერ გაწეული ყველა ხარჯი.
ლოტის დაბრუნება გამყიდველისთვის განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააუქციონო სახლი სრულად მიიღებს ყველა კუთვნილ თანხას.
5. ლოტის მოხსნა სააუქციონო სახლის მიერ
ჩვენ უფლებამოსილი ვართ, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, მოვხსნათ ლოტი გაყიდვიდან, თუ:
1. არსებობს გონივრული ეჭვი ლოტის ავთენტურობასთან ან ატრიბუციასთან დაკავშირებით;
2. დადგინდება ან იარსებებს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გამყიდველის მიერ გაცემული რომელიმე განცხადება ან გარანტია არაზუსტია ან შეცდომაში შემყვანია;
3. გამყიდველი არსებითად დაარღვევს საქმიანობის პირობების რომელიმე დებულებას;
4. ლოტი შეიცავს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მასალას, რომლის რეალიზაციისთვის აუცილებელია CITES-ის („ველური ფაუნისა და ფლორის გადაშენების პირას მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენცია“) შესაბამისი ნებართვა და ასეთი ნებართვა არ იქნება მიღებული საჯარო დათვალიერების დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღისა;
5. ჩვენი შეფასებით, ლოტს არ გააჩნია საკმარისი კომერციული ან საბაზრო ღირებულება;
6. ლოტი დაიკარგა ან დაზიანდა ისეთი ფორმით, რომ აღარ შეესაბამება იმ მდგომარეობას, რომელშიც იგი იმყოფებოდა გაყიდვაზე შეთანხმების მომენტში;
7. აუქციონი, რომელზეც იგეგმებოდა ლოტის გაყიდვა, გადაიდო ან გაუქმდა ნებისმიერი მიზეზით.
6. მოხსნის საფასური
თუ ქონების მოხსნა განხორციელდება მე-5 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების საფუძველზე, გამყიდველს მოხსნის საფასური არ დაეკისრება და ქონება დაუბრუნდება მას სააუქციონო სახლის ხარჯით.
სხვა ნებისმიერი საფუძვლით ქონების მოხსნის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია:
1. გადაიხადოს მოხსნის საფასური (მე-4 მუხლის შესაბამისად).
2. სრულად აანაზღაუროს ქონებასთან დაკავშირებით სააუქციონო სახლის მიერ გაწეული ყველა ხარჯი.
თუ ქონების მოხსნა განხორციელდება აუქციონის თარიღამდე ოთხი (4) კვირით ადრე, უფრო გვიან პერიოდში ან უშუალოდ აუქციონის მიმდინარეობისას, მოხსნის საფასური განისაზღვრება ლოტის „წინასწარი შეფასების საშუალო მაჩვენებლის“ მიხედვით „გამყიდველის საკომისიოსა“ და „მყიდველის საკომისიოს“ ჯამის ოდენობით, დამატებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები.
7a. დაზიანების ან დაკარგვის რისკი
თუ ლოტის ჩაბარების მომენტში წერილობით სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, ჩვენ, თქვენი ხარჯით და წინამდებარე პუნქტის პირობების შესაბამისად, ვიღებთ პასუხისმგებლობას ლოტის დაკარგვასა ან დაზიანებაზე მისი ჩვენს მიერ მიღების მომენტიდან მანამ, სანამ დადგება ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
1. ლოტის გაყიდვის შემთხვევაში - რისკის გადასვლა მყიდველზე;
2. შესაბამისი აუქციონის დასრულებიდან ოცდაერთი (21) დღის გასვლა, თუ ლოტი არ იქნა გაყიდული;
3. ლოტის ჩაბარებიდან სამი (3) თვის გასვლა, თუ იგი დარჩა ჩვენს მფლობელობაში და არ ყოფილა გასაყიდად გამოტანილი.
გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სააუქციონო სახლის მიერ რისკის აღების სანაცვლოდ დადგენილი საფასური 1.5% (ერთნახევარი პროცენტი) შემდეგი ბაზის შესაბამისად:
4. 'Hammer Price'-იდან, თუ ლოტი გაიყიდა;
5. „სარეზერვო ფასიდან“, თუ ლოტი არ გაიყიდა;
6. „წინასწარი შეფასების საშუალო მაჩვენებლიდან“, თუ ლოტი რაიმე მიზეზით არ იქნა გასაყიდად გამოტანილი;
7. ხოლო თუ „წინასწარი შეფასების საშუალო მაჩვენებელი“ არ არსებობს - ლოტის სავარაუდო სააუქციონო ღირებულებიდან მისი ჩაბარების თარიღისთვის.
ლოტის გაყიდვის შემთხვევაში, თქვენ გვანიჭებთ უფლებას აღნიშნული თანხა დავაკავოთ 'Hammer Price'-იდან.
თუ ქონება დაიკარგება ან დაზიანდება იმ პერიოდში, როდესაც მასზე რისკი დაკისრებული იყო სააუქციონო სახლს, სააუქციონო სახლის პასუხისმგებლობა არ აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ შესაბამის (a–d) ქვეპუნქტებში მითითებულ ოდენობას, „გამყიდველის საკომისიოს“, გაწეული ხარჯებისა და შესაბამისი დღგ-ს გამოკლებით.
თუ ქონება ნაწილობრივ დაიკარგა ან დაზიანდა და სააუქციონო სახლის შეფასებით მისი ღირებულება შემცირდა 50%-ზე ნაკლებად, სააუქციონო სახლი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებით:
• გადაუხადოს გამყიდველს დაზიანებული (გაუფასურებული) ნაწილის შესაბამისი თანხა და ლოტი გაიტანოს გასაყიდად; ან
• გადაუხადოს გამყიდველს ლოტის სრული ღირებულება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, რის შედეგადაც საკუთრების უფლება ლოტზე გადადის სააუქციონო სახლზე გადახდის განხორციელების მომენტიდან.
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს პრინტების, ნახატებისა და სხვა ნამუშევრების დამცავი მინისა და ჩარჩოების დაზიანებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია სააუქციონო სახლის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით.
7b. პასუხისმგებლობის გამორიცხვა (დაუძლეველი ძალა და სხვა)
ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ლოტის დაკარგვასა ან დაზიანებაზე, თუ იგი გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. ნებისმიერი მესამე პირის ქმედებით ან უმოქმედობით, რომელსაც თქვენი თანხმობით მივანდეთ ქონების დამუშავება, შენახვა ან ტრანსპორტირება;
2. ტენიანობის, ტემპერატურის ან სხვა გარემო პირობების ცვლილებით;
3. ბუნებრივი ცვეთით, თანდათანობითი გაუარესებით ან ნივთის ფარული ნაკლით ან თვისებით;
4. დამუშავების პროცესში წარმოშობილი შემთხვევითი დაზიანებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია სააუქციონო სახლის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით;
5. საკანონმდებლო რეგულაციებით, ტერორისტული აქტებით, სამოქალაქო არეულობით, აჯანყებით, ომით, ბირთვული იარაღის გამოყენებით ან რადიაქტიური დაბინძურებით;
6. დაუძლეველი ძალით, მათ შორის, სტიქიური უბედურებებით, წყალდიდობით, გვალვით, მიწისძვრით ან სხვა ბუნებრივი კატასტროფებით.
8. რისკი ან დაზიანება - თქვენს მიერ უზრუნველყოფილი დაზღვევა
თუ არ გსურთ, რომ ლოტის დაკარგვისა ან დაზიანების რისკი ჩვენ მიერ იქნეს აღებული მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული უნდა შეთანხმდეს წერილობით ლოტის გადმოცემის მომენტში.
ასეთ შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ, ლოტი დააზღვიოთ სადაზღვევო კომპანიაში იმ პერიოდით, ვიდრე მყიდველი სრულად არ დაფარავს ლოტის ღირებულებას.
ამასთან, თქვენ იღებთ ვალდებულებას/თანხმდებით:
1. წარმოგვიდგინოთ ლოტის დაზღვევის მოქმედი სერტიფიკატის ასლი;
2. უზრუნველყოთ, რომ თქვენი მზღვეველი წერილობით განაცხადებს სუბროგაციის უფლებაზე უარს ყველა იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოეშვას ჩვენს მიმართ ლოტის დაკარგვის ან დაზიანების გამო. აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ჩვენთვის მისაღები ფორმით;
3. აგვინაზღაუროთ ნებისმიერი ზიანი, ხარჯი ან მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება ლოტის დაკარგვას, დაზიანებას ან მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მიუხედავად მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლისა. წინამდებარე პირობებზე დათანხმება ნიშნავს, რომ თქვენ გვანიჭებთ შესაბამის ინდემნიფიკაციას;
4. წერილობით შეატყობინოთ თქვენს მზღვეველს წინამდებარე პუნქტში მითითებული პირობების შესახებ;
5. მოთხოვნისთანავე აგვინაზღაუროთ ყველა გადახდილი თანხა და გაწეული ხარჯი (მათ შორის იურიდიული მომსახურების ხარჯები), რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი მსგავსი მოთხოვნის განხილვასთან ან დაკმაყოფილებასთან;
6. უარი თქვათ ყველა უფლებასა და მოთხოვნაზე, რომელიც შეიძლება გაგაჩნდეთ ჩვენს მიმართ ლოტის დაკარგვის ან დაზიანების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია ჩვენი განზრახი ქმედებით.
თუ ლოტის გადმოცემიდან ათი (10) დღის ვადაში არ შესრულდება „1“ და „2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ლოტის დაკარგვისა და დაზიანების რისკი ავტომატურად გადმოვა ჩვენზე მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ჩვენი რისკი ჩაითვლება წარმოშობილად ლოტის გადმოცემიდან მეთერთმეტე დღეს.
ამ მომენტიდან ლოტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, ჩვენი პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე შემოიფარგლება მხოლოდ იმ სხვაობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებობს მე-7a მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ან მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ შესაბამის ოდენობასა და იმ თანხას შორის, რომელიც ანაზღაურდებოდა თქვენი სადაზღვევო პოლისის მიხედვით (დაქვითვადი თანხის/ფრანშიზის გათვალისწინებით).
9. ლოტის ხელახალი ჩაბარება
თუ აუქციონის დასრულებიდან ორმოცი (40) დღის განმავლობაში თქვენ არ გაიტანთ ლოტს ან არ გააფორმებთ ხელახალი ჩაბარების ხელშეკრულებას, ჩვენ უფლებამოსილი ვართ, საკუთარი დისკრეციული გადაწყვეტილებით:
1. განვათავსოთ ლოტი დამოუკიდებელ საცავში თქვენი რისკითა და ხარჯით, იქამდე, ვიდრე დაინიშნება ახალი აუქციონი მის გასაყიდად;
2. ხელახლა გავიტანოთ ლოტი უახლოეს საჯარო აუქციონზე, იმ პირობით, რომ „სარეზერვო ფასი“ არ იქნება თავდაპირველად განსაზღვრული სარეზერვო ფასის 50%-ზე ნაკლები. ხელახალი გაყიდვის შემთხვევაში, ჩვენ უფლებამოსილი ვართ 'Hammer Price'-იდან დავაკავოთ თავდაპირველ გაყიდვასთან დაკავშირებული შემცირებული საკომისიო და გაწეული ხარჯები. ასევე ვიტოვებთ უფლებას, დაგაკისროთ გონივრული იურიდიული და ადმინისტრაციული ხარჯები.
3. ნებისმიერი ხელახალი გაყიდვა განხორციელდება შესაბამისი აუქციონის კატალოგით განსაზღვრული „საქმიანობის პირობების“ შესაბამისად, თუმცა თქვენსა და ჩვენს შორის ურთიერთობაში უპირატესი ძალა ექნება წინამდებარე პირობებს.
ვაჭრობის პროცესი
10. სარეზერვო ფასი
სხვაგვარი წერილობითი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ითვლება, რომ ლოტი იყიდება „სარეზერვო ფასის“ (მინიმალური ფასის) გარეშე.
სარეზერვო ფასი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წერილობით შეთანხმდება ხელშეკრულების გაფორმებამდე. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სარეზერვო ფასის დაწესება ან ცვლილება ძალაშია მხოლოდ სააუქციონო სახლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
თუ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სარეზერვო ფასი გადაიხედება და ლოტი აუქციონზე არ გაიყიდება, თქვენ დაგეკისრებათ „შეკავების საფასური“ სარეზერვო ფასის 10%-ის ოდენობით. აღნიშნული თანხა უნდა ჩაირიცხოს სააუქციონო სახლის საბანკო ანგარიშზე აუქციონის დასრულებიდან ათი (10) დღის ვადაში.
სააუქციონო სახლი იტოვებს უფლებას, დისკრეციულად გადაუხვიოს შეთანხმებულ სარეზერვო ფასს არაუმეტეს 10%-ის ფარგლებში.
თუ სარეზერვო ფასი შეთანხმებულია არასაევრო ვალუტაში, ხოლო აუქციონის დღისთვის გაცვლითი კურსი შეიცვალა, სარეზერვო ფასი განისაზღვრება ევროს ეკვივალენტით, აუქციონის წინა სამუშაო დღის დახურვისას ოფიციალური კურსის შესაბამისად.
სარეზერვო ფასი არ შეიძლება აღემატებოდეს ლოტის „წინასწარი შეფასების ქვედა ზღვარს“, თუ ადგილი არ ექნება განსხვავებულ შეთანხმებას. ჩვენ უფლებამოსილი ვართ უარი ვთქვათ ისეთი ლოტის მიღებაზე, რომლის სარეზერვო ფასი ჩვენი შეფასებით არაგონივრულად მაღალია. სარეზერვო ფასის შეთანხმების შემდეგ მისი ცვლილება დაუშვებელია ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
11. ვაჭრობა აუქციონზე
თქვენ არ გაქვთ უფლება განახორციელოთ ბიჯი საკუთარ ლოტზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უფლებამოსილი ვართ, თქვენი სახელით განვახორციელოთ ბიჯები სარეზერვო ფასამდე, თქვენ არ გაქვთ უფლება დაავალოთ ან დაუშვათ მესამე პირის ვაჭრობა თქვენს ლოტზე თქვენი სახელით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მაინც განახორციელებთ ბიჯს საკუთარ ლოტზე ან დაავალებთ ამას სხვა პირს, ჩვენ უფლებამოსილი ვართ განგიხილოთ როგორც „წარუმატებელი პრეტენდენტი“. ასეთ შემთხვევაში, თქვენზე არ გავრცელდება მე-3 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები და დაგეკისრებათ „გამყიდველის საკომისიოს“, „მყიდველის საკომისიოს“ და ლოტთან დაკავშირებული ყველა ხარჯის სრული ოდენობის გადახდა.
აღნიშნული თანხების სრულად გადახდამდე ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ გირავნობის უფლება შესაბამის ლოტზე.
გაყიდვის შემდეგ
12. თქვენს მიერ გადასახდელი თანხები
გაყიდვის შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ გადაგვიხადოთ:
1. გამყიდველის საკომისიო + დღგ;
2. ლოტთან დაკავშირებული „ხარჯები“ შესაბამისი დღგ-ს ჩათვლით.
13. „წმინდა ამონაგების“ გადახდა თქვენთვის
აუქციონის წარმატებით დასრულების შემთხვევაში (იმ პირობით, რომ არ მომხდარა ნასყიდობის გაუქმება, და მყიდველის მიერ გადახდილი თანხა ასახულია ჩვენს საბანკო ანგარიშზე) გამყიდველი „გაყიდვიდან მიღებულ წმინდა ამონაგებს“ მიიღებს აუქციონის დასრულებიდან ოცდაერთ (21) დღეში, გამყიდველის საკომისიოს გამოკლებით, თუ მხარეთა შორის წერილობით სხვა რამ არ არის შეთანხმებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „წმინდა ამონაგების“ გადახდა დამოკიდებულია მყიდველისგან თანხის ფაქტობრივ მიღებაზე.
თუ მყიდველი გადაიხდის აუქციონის დასრულებიდან 21 დღის შემდეგ, გამყიდველი „წმინდა ამონაგებს“ მიიღებს არაუგვიანეს რვა (8) კვირისა გაყიდვიდან, თანხის ჩვენს ანგარიშზე ასახვიდან ხუთი (5) სამუშაო დღის ვადაში.
14. ნასყიდობის გაუქმება
თუ დადგინდება, რომ ლოტი არის ფალსიფიცირებული, ჩვენ უფლებამოსილი ვართ გავაუქმოთ ნასყიდობის ხელშეკრულება. ფალსიფიკაციის დადგენის შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ შეზღუდული წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და მოთხოვნებით.
ნასყიდობის გაუქმების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ათი (10) კალენდარული დღის ვადაში, თქვენ ვალდებული ხართ დაგვიბრუნოთ მიღებული „წმინდა ამონაგები“ და აგვინაზღაუროთ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მიერ გაწეული ყველა ხარჯი. აღნიშნული თანხების სრულად დაბრუნების შემდეგ, ჩვენ დაგიბრუნებთ შესაბამის ლოტს.
15. მყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობა
სააუქციონო სახლი არ არის ვალდებული, იძულებითი წესით მოსთხოვოს მყიდველს თანხის გადახდა ან დავიწყოთ მის წინააღმდეგ სასამართლო ან საარბიტრაჟო წარმოება.
იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ გადაიხდის „მთლიანად გადასახდელ თანხას“, თუმცა ჩვენ მიუხედავად ამისა გადავიხდით თქვენთვის „წმინდა ამონაგებს“, ლოტზე საკუთრების უფლება სრულად და უპირობოდ გადმოვა ჩვენზე.
16. პოსტ-სააუქციონო გაყიდვები
იმ შემთხვევაში თუკი ლოტი აუქციონზე არ გაიყიდა, სააუქციონო სახლი იტოვებს უფლებას, აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მოახდინოს მისი პირდაპირი წესით რეალიზაცია. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ლოტის გაყიდვა “სარეზერვო ფასზე” ნაკლებ ფასად.
17. გაუყიდავი ლოტი
თუ ლოტი ვერ მიაღწევს „სარეზერვო ფასს“:
1. ჩვენი დისკრეციით შეგვიძლია გავყიდოთ ლოტი რეზერვზე დაბალ ფასად (აუქციონზე ან კერძო წესით 30 დღის განმავლობაში), პირობით, რომ თქვენ მიიღებთ იმავე ოდენობის „წმინდა თანხას“, რასაც მიიღებდით რეზერვის ფასად გაყიდვისას; ან
2. დაგიბრუნოთ ლოტი და დაგაკისროთ „გაუყიდავი ქონების საფასური“ ლოტზე რეზერვის თანხის 2%-ის ოდენობით (სხვა ხარჯებთან ერთად).
ჩვენს ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ან სხვაგვარად თანხმობის გამოხატვით, თქვენ მიიჩნევით წინამდებარე პირობებზე შეთანხმებულად. ლოტის ნებისმიერი წესით რეალიზაციის შემთხვევაში, აღნიშნულ ლოტთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე ნაკისრი თქვენი ვალდებულებები იქნება იდენტური იმ ვალდებულებებისა, რაც გექნებოდათ ლოტის აუქციონზე გაყიდვის შემთხვევაში.
სექცია E - ზოგადი პირობები
18. თაღლითობის პრევენცია, AML/KYC, სანქციები და ბიჯინგის მანიპულაციის აკრძალვა
სააუქციონო სახლი ახორციელებს კლიენტთა (იგულისხმება მყიდველი, გამყიდველი და ბიდდერი) იდენტიფიკაციასა და ტრანზაქციების მონიტორინგს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, აგრეთვე საერთაშორისო სანქციების შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკების შესაბამისად.
18.1. იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (KYC)
სააუქციონო სახლი ახორციელებს კლიენტთა იდენტიფიკაციასა და შემოწმებას (KYC) რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.
ამ მიზნით, სააუქციონო სახლი უფლებამოსილია:
• მოითხოვოს კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მონაცემები;
• დაადგინოს საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე;
• მოითხოვოს ინფორმაცია თანხების წარმოშობის შესახებ;
• მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა კლიენტის იდენტიფიკაციისა და რისკის შეფასებისთვის.
კლიენტი ვალდებულია მიაწოდოს სრული, ზუსტი და განახლებული ინფორმაცია.
18.2. სანქციების შესაბამისობა
სააუქციონო სახლი ამოწმებს კლიენტებსა და ტრანზაქციებს შესაბამის საერთაშორისო სანქციურ სიებთან მიმართებით (მათ შორის EU, UN, OFAC და სხვა). სააუქციონო სახლი უფლებამოსილია:
• უარი თქვას კლიენტის რეგისტრაციაზე ან აუქციონში მონაწილეობაზე;
• შეაჩეროს ან გააუქმოს ტრანზაქცია;
• გაყინოს ან არ გაათავისუფლოს ლოტი, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტი ან ტრანზაქცია უკავშირდება სანქცირებულ პირს, აკრძალულ საქმიანობას ან მაღალი რისკის იურისდიქციას.
18.3. საეჭვო ოპერაციები
თუ ტრანზაქცია ან კლიენტის ქცევა იწვევს გონივრულ ეჭვს ფულის გათეთრებასთან, ტერორიზმის დაფინანსებასთან ან სხვა უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით, სააუქციონო სახლი უფლებამოსილია:
1. შეაჩეროს ტრანზაქცია დამატებითი განმარტების მოთხოვნით;
2. უარი თქვას მომსახურებაზე;
3. იმოქმედოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
18.4. კლიენტის ვალდებულებები
კლიენტი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
1. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სრული, ზუსტი და განახლებული;
2. იგი არ იმყოფება საერთაშორისო სანქციების ქვეშ;
3. მის მიერ გამოყენებული ფინანსური სახსრები არ არის დაკავშირებული უკანონო საქმიანობასთან.
18.5. შედეგები და უფლებები
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს კლიენტის წინაშე იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული მოთხოვნების საფუძველზე:
1. უარს იტყვის მომსახურებაზე;
2. შეაჩერებს ან გააუქმებს ტრანზაქციას;
3. დააყოვნებს ლოტის გადაცემას ან თანხის გადახდას.
18.6. აკრძალული ქმედებები
კატეგორიულად იკრძალება ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს აუქციონის პროცესის დარღვევას ან ფასის მანიპულაციას, მათ შორის:
• ფასის ხელოვნური ზრდა;
• შეთანხმებული ბიჯინგი;
• მესამე პირის გამოყენება ფასის მანიპულაციისთვის;
• საკუთარი ლოტზე პირდაპირი ან არაპირდაპირი ბიჯინგი;
• ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება;
• უკანონო ან არაგამჭვირვალე ფინანსური წყაროების გამოყენება;
• პლატფორმის ან სისტემის ბოროტად გამოყენება.
18.7. საეჭვო ქცევა და მონიტორინგი
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია განახორციელოს ტრანზაქციებისა და ბიჯინგის ქცევის მონიტორინგი, მათ შორის:
• არაჩვეულებრივი ან არალოგიკური ბიჯინგის იდენტიფიკაცია;
• განმეორებითი ან კოორდინირებული ქცევის ანალიზი;
• მაღალი ღირებულების ან მაღალი რისკის ტრანზაქციების დამატებითი შემოწმება.
18.8. რეაგირება დარღვევებზე
თუ არსებობს გონივრული ეჭვი წინამდებარე მუხლის დარღვევაზე, სააუქციონო სახლი უფლებამოსილია:
• გააუქმოს ბიჯი ან ტრანზაქცია;
• გააუქმოს ნასყიდობის ხელშეკრულება;
• შეაჩეროს ან დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში;
• აუკრძალოს აუქციონში მონაწილეობა;
• შეინარჩუნოს ან შეაჩეროს თანხები კანონით დაშვებულ ფარგლებში;
• იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
18.9. მომხმარებლის გარანტიები
კლიენტი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ:
• იგი არ მოქმედებს სხვისი ინტერესების დაფარვის მიზნით, თუ ეს არ არის წინასწარ გამჟღავნებული;
• არ მონაწილეობს ფასის მანიპულაციაში;
• არ იმყოფება სანქციების ქვეშ;
• მის მიერ გამოყენებული ფინანსური სახსრები არ არის დაკავშირებული უკანონო საქმიანობასთან.
18.10. პასუხისმგებლობის განაწილება
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია:
• მესამე პირის თაღლითური ან მანიპულაციური ქმედებით;
• მომხმარებლის მიერ არაზუსტი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებით;
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადგინდება, რომ ზიანი გამოწვეულია სააუქციონო სახლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახი ქმედებით.
19. ინტერესთა კონფლიქტების მართვა
სააუქციონო სახლი უზრუნველყოფს, რომ აუქციონის ორგანიზება და ჩატარება განხორციელდეს კეთილსინდისიერების, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად, და რომ ყველა მონაწილეს ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს აუქციონში.
19.1. თანამშრომელთა და დაკავშირებული პირების მონაწილეობა
სააუქციონო სახლის თანამშრომლები, დირექტორები ან მათთან დაკავშირებული პირები უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ აუქციონში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
• არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი;
• ისინი არ ფლობენ არაჯარო ინფორმაციას, რომელიც გავლენას მოახდენდა ბიჯინგზე;
• დაცულია შიდა კომპლაიანსისა და ეთიკის წესები.
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია შეზღუდოს ან აკრძალოს ასეთი მონაწილეობა ნებისმიერ დროს.
შენიშვნა: სააუქციონო სახლი შეიძლება აკეთებდეს ბიჯებს გამყიდველის სახელით ლოტზე სარეზერვო ფასის დასაცავად.
19.2. გამჟღავნება
სააუქციონო სახლი ვალდებულია, გონივრულ ფარგლებში, უზრუნველყოს იმ გარემოებების გამჟღავნება, რომლებიც შეიძლება არსებითად გავლენას ახდენდეს აუქციონის სამართლიანობაზე.
ამასთან, სააუქციონო სახლი უფლებამოსილია შეზღუდოს ინფორმაციის გამჟღავნება, თუ:
• იგი წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოს; ან
• აუცილებელია კლიენტის კონფიდენციალურობის დასაცავად.
19.3. აკრძალული ქმედებები
აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს ან ქმნის ინტერესთა კონფლიქტს ან აუქციონის პროცესის დამახინჯებას, მათ შორის:
• საკუთარი ლოტზე პირდაპირი ან არაპირდაპირი ბიჯინგი;
• შეთანხმებული ბიჯინგი;
• ფასის ხელოვნური ზრდა;
• კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება;
• მესამე პირის გამოყენება მანიპულაციის მიზნით.
19.4. რეაგირება და უფლებამოსილებები
ინტერესთა კონფლიქტის ან მისი გონივრული ეჭვის შემთხვევაში, სააუქციონო სახლი უფლებამოსილია:
• გააუქმოს ბიჯი ან ტრანზაქცია;
• გააუქმოს ნასყიდობის ხელშეკრულება;
• შეაჩეროს ან დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში;
• აუკრძალოს პირს აუქციონში მონაწილეობა;
• ხელახლა გახსნას ვაჭრობა;
• მიიღოს სხვა გონივრული ზომები აუქციონის მთლიანობის დასაცავად.
19.5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მესამე პირების მიერ ინტერესთა კონფლიქტის, თაღლითობის ან მანიპულაციის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადგინდება, რომ:
• სააუქციონო სახლმა ვერ მიიღო გონივრული პრევენციული ზომები;
და
• აღნიშნული წარმოადგენს მისი მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას ან განზრახ ქმედებას.
20. ფოტოები და ილუსტრაციები
თქვენ წინამდებარე ხელშეკრულებით გვაძლევთ უპირობო და შეუზღუდავ თანხმობას, გადავიღოთ, დავამუშაოთ და ნებისმიერი ფორმით ვაწარმოოთ ლოტის ფოტოები და სხვა ვიზუალური გამოსახულებები.
ლოტის აღნიშნულ გამოსახულებებზე საავტორო უფლება სრულად და უპირობოდ ეკუთვნის სააუქციონო სახლს.
ჩვენ უფლებამოსილი ვართ აღნიშნული გამოსახულებები გამოვიყენოთ, გავავრცელოთ და გამოვაქვეყნოთ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის, სარეკლამო, მარკეტინგული, საგამოფენო და საარქივო მიზნებისთვის, დამატებითი თანხმობის ან ანაზღაურების გარეშე.
21. კატალოგიზაცია / მარკეტინგი
რეალიზებულ და არარეალიზებულ ლოტებზე დაგერიცხებათ მარკეტინგული მოსაკრებელი შემდეგი შკალის მიხედვით (ეფუძნება შეფასებას ან 'Hammer Price'-ს + დღგ) :
• 299 ევრომდე: 15 ევრო
• 300 - 999 ევრომდე: 30 ევრო
• 1,000 - 2,999 ევრომდე: 50 ევრო
• 3,000 ევრო და მეტი: 100 ევრო
ლოტთან დაკავშირებულ ყველა მასალაზე საავტორო უფლება ეკუთვნის სააუქციონო სახლს.
22. შენახვა
სააუქციონო სახლი არ აწესებს შენახვის საფასურს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამყიდველი ხსნის ლოტს აუქციონიდან და არ გაიტანს მას მოხსნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. იმ ქონებაზე, რომელიც არ იქნება გატანილი აღნიშნულ ვადაში, დაირიცხება შენახვის საფასური შემდეგი ოდენობით:
• 3 ევრო თითოეულ ნივთზე, ყოველდღიურად (ან არასრული დღის განმავლობაში) - მცირე ზომის ნივთებისა და სურათებისთვის (რაც განიმარტება როგორც ნებისმიერი ნივთი, რომლის გადაადგილებაც შეუძლია ერთ ადამიანს);
• 10.00 ევრო თითოეულ ნივთზე, ყოველდღიურად - ავეჯისა და სხვა დიდი ზომის ლოტებისთვის.
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია გამოიყენოს ნივთის დაკავების უფლება მანამ, სანამ კომპანიის სასარგებლოდ სრულად არ იქნება დაფარული ყველა კუთვნილი დავალიანება.
თუ ნივთი საცავში მოთავსებიდან 21 დღის განმავლობაში კვლავ გაუტანელი დარჩება, ამ ვადის გასვლის შემდეგ შენახვის დღიური საფასური გაიზრდება და განისაზღვრება 10 ევროთი (მცირე ნივთებზე) და 20 ევროთი (დიდ ნივთებზე).
იმ შემთხვევაში, თუ ქონება საცავში დაყოვნდება 90 დღეზე მეტი ხნით, სააუქციონო სახლი უფლებამოსილია, დაგროვილი დავალიანების ამოღების მიზნით, მოახდინოს ქონების რეალიზაცია სარეზერვო ფასის გარეშე. დავალიანების სრულად დაფარვის და სხვა ფინანსური ვალდებულებების დაქვითვის შემდეგ, გაყიდვიდან მიღებული ნაშთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსდება გამყიდველის ანგარიშზე.
23. დამატებული ღირებულების გადასახადი
„საქმიანობის პირობებით“ გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების წარმოშობისას, მყიდველი ან გამყიდველი (შესაბამისი გარემოების მიხედვით) ვალდებულია გადაიხადოს კანონით დადგენილი დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) ან ნებისმიერი სხვა გადასახადი.
24. ექსპორტი/იმპორტი და ემბარგო
არც სააუქციონო სახლი და არც გამყიდველი არ გასცემენ რაიმე სახის დაპირებას ან გარანტიას იმის თაობაზე, ვრცელდება თუ არა კონკრეტულ ლოტზე საქართველოს ან იმ ქვეყნის, საიდანაც უნდა მოხდეს აუქციონზე რეალიზებული ლოტის გაცემა, საექსპორტო შეზღუდვები ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საიმპორტო რეგულაციები. ანალოგიურად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას კონკრეტულ ლოტებთან მიმართებით ემბარგოს არსებობის ან არარსებობის შესახებ.
25. პირობების ნამდვილობა
მაშინაც კი, თუ სააუქციონო სახლი, მყიდველი ან გამყიდველი დაარღვევს წინამდებარე პირობებს, ეს პირობები დარჩება უცვლელი და სრულად აღსრულებადი. სააუქციონო სახლი ინარჩუნებს უფლებას, მოითხოვოს ამ პირობების სრული დაცვა.
თუ სასამართლო დაადგენს, რომ „საქმიანობის პირობების“ ერთი ან რამდენიმე პუნქტი ეწინააღმდეგება რომელიმე სამართლებრივ ნორმას, აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს პირობების დანარჩენი ნაწილის ნამდვილობაზე.
26. პერსონალური მონაცემები
სააუქციონო სახლი დაამუშავებს კლიენტის (იგულისხმება გამყიდველი, მყიდველი და პოტენციური მყიდველი) მიერ მიწოდებულ ან კლიენტის შესახებ კანონიერად მოპოვებულ ინფორმაციას აუქციონების ორგანიზების, ხელოვნებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების, უძრავი ქონებისა და სადაზღვევო სერვისების გაწევის მიზნით, აგრეთვე კლიენტთა ადმინისტრირების, მარკეტინგისა და ბიზნესის მართვისთვის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
კლიენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება შეიძლება განხორციელდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მათ შორის კლიენტთა ინტერესებისა და პრეფერენციების განსაზღვრის მიზნით, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. სააუქციონო სახლი ასევე უფლებამოსილია დაამუშავოს ინფორმაცია ვიდეომონიტორინგის სისტემების ან სატელეფონო საუბრის ჩანაწერების მეშვეობით.
განსაკუთრებული კატეგორიის (სენსიტიური) პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება კლიენტის აშკარა თანხმობის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დამუშავება კანონით არის პირდაპირ ნებადართული ან მოთხოვნილი. სააუქციონო სახლი უფლებამოსილია გამოიყენოს კლიენტის მიერ მიწოდებული სენსიტიური მონაცემები ზემოაღნიშნული მიზნებისთვის.
26.ა. დამუშავების მიზნები
პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მიზნებისთვის:
• კლიენტის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია;
• აუქციონში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
• ტრანზაქციების შესრულება და მართვა;
• გადახდების ადმინისტრირება;
• AML/KYC და სანქციების შესაბამისობა;
• მომხმარებელთან კომუნიკაცია;
• იურიდიული ვალდებულებების შესრულება;
26.ბ. მონაცემთა კატეგორიები
შეიძლება დამუშავდეს შემდეგი ტიპის მონაცემები:
• საიდენტიფიკაციო მონაცემები;
• საკონტაქტო ინფორმაცია;
• ფინანსური ინფორმაცია;
• ტრანზაქციის მონაცემები;
• ტექნიკური მონაცემები (IP მისამართი, მოწყობილობა);
26.გ. მონაცემთა გადაცემა
პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს:
• ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებსა და გადახდის პროვაიდერებს;
• AML/KYC შემოწმების სერვისებს;
• მესამე მხარის ტექნოლოგიურ პლატფორმებს;
• სამართალდამცავ ორგანოებს (კანონის მოთხოვნის შემთხვევაში).
მონაცემთა გადაცემა ხდება მხოლოდ საჭიროების ფარგლებში.
26.დ. შენახვის ვადა
პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია:
• შესაბამისი მიზნების მისაღწევად;
• კანონით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად;
26.ე. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
კლიენტს აქვს უფლება:
• მიიღოს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავებაზე;
• მოითხოვოს მონაცემების გასწორება ან წაშლა;
• მოითხოვოს დამუშავების შეზღუდვა;
• მიიღოს თავისი მონაცემები;
• გააპროტესტოს დამუშავება;
აღნიშნული უფლებები ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
26.ვ. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს პერსონალური მონაცემების დარღვევის შედეგად წარმოშობილ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ზიანი გამოწვეულია:
• განზრახი ქმედებით; ან
• უხეში გაუფრთხილებლობით.
26.ზ. თანხმობა
წინამდებარე პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, აგრეთვე მათი გამჟღავნებისა და გადაცემის შესაძლებლობაზე მესამე პირებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ იურისდიქციაში ზემოაღნიშნული მიზნებისთვის, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი შესაძლოა არ იყოს ეკვივალენტური თქვენს ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებთან.
27. ინტელექტურალური საკუთრება
სააუქციონო სახლის მიერ შექმნილი ან გამოყენებული ყველა მასალა, მათ შორის:
• კატალოგები (ბეჭდური და ელექტრონული);
• ლოტების აღწერები;
• ფოტოები და ვიდეოები;
• ვებსაიტი და პლატფორმის კონტენტი;
წარმოადგენს სააუქციონო სახლის ან შესაბამისი უფლებამოსილი მესამე პირის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია მოქმედი კანონმდებლობით.
27.ა. გამოყენების შეზღუდული უფლება
კლიენტს ეძლევა შეზღუდული, არაგადაცემადი და არაექსკლუზიური უფლება გამოიყენოს აღნიშნული მასალები მხოლოდ:
• აუქციონში მონაწილეობის მიზნით;
• ინფორმაციის მიღებისა და შეფასებისთვის;
ნებისმიერი სხვა გამოყენება, მათ შორის კომერციული გამოყენება, დაუშვებელია სააუქციონო სახლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
27.ბ. აკრძალული ქმედებები
აკრძალულია:
• მასალების კოპირება, გავრცელება ან გამოქვეყნება კომერციული მიზნებისთვის;
• ფოტოებისა და კატალოგის გამოყენება მესამე პირის პლატფორმებზე (მათ შორის resale პლატფორმებზე);
• კონტენტის მოდიფიკაცია ან შეცვლა;
• სააუქციონო სახლის ბრენდის, ლოგოს ან სახელის გამოყენება ნებართვის გარეშე.
27.გ. ლოტებთან დაკავშირებული უფლებები
ლოტებთან დაკავშირებული ფოტოები, აღწერები და კატალოგის მასალები გამოიყენება ინფორმაციული მიზნებისთვის და:
• არ წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გადაცემას ლოტთან დაკავშირებით;
• არ ნიშნავს, რომ მყიდველი იღებს საავტორო უფლებებს ან რეპროდუქციის უფლებას, თუ ეს პირდაპირ არ არის განსაზღვრული.
27.დ. მესამე პირის უფლებები
ზოგიერთ ლოტთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები შესაძლოა ეკუთვნოდეს მესამე პირებს (მაგ. ავტორებს, არტისტებს, ფონდებს).
მყიდველი ვალდებულია დამოუკიდებლად უზრუნველყოს შესაბამისი უფლებების მიღება, თუ ის გეგმავს ლოტის კომერციულ გამოყენებას.
27.ე. ონლაინ პლატფორმის გამოყენება
ვებსაიტისა და პლატფორმის გამოყენება არ ანიჭებს მომხმარებელს რაიმე საკუთრების უფლებას პლატფორმაზე ან მის ელემენტებზე.
აკრძალულია:
• პლატფორმის მონაცემების scraping ან ავტომატური შეგროვება;
• სისტემის რევერს-ინჟინერია;
• ტექნიკური დაცვის საშუალებების გვერდის ავლა.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის შემთხვევაში სააუქციონო სახლი უფლებამოსილია:
• შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა პლატფორმაზე;
• მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
• გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საშუალებები.
27.ვ. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადგინდება:
• განზრახი ქმედება; ან
• უხეში გაუფრთხილებლობა.
28. საკომისიო კლიენტის მოყვანისთვის
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საკუთარი ანაზღაურებიდან გადავუხადოთ საკომისიო ნებისმიერ მესამე პირს, რომელმაც უზრუნველყო კლიენტის ან ქონების ჩვენთან მიმართვა ან წარდგენა.
29. უფლებების გადაცემა
მყიდველს ან გამყიდველს ეკრძალებათ წინამდებარე „საქმიანობის პირობებით“ გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა (დათმობა) სააუქციონო სახლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ამასთან, წინამდებარე პირობები სავალდებულოა და ძალაში რჩება თქვენი ნებისმიერი უფლებამონაცვლისთვის, მემკვიდრისთვის, მზრუნველისთვის, აღმსრულებლისთვის, ადმინისტრატორისთვის და სხვა კანონიერი წარმომადგენლისთვის.
30. სპეციალური პირობები
იმ შემთხვევაში, როდესაც ტერმინებს მინიჭებული აქვთ სპეციალური მნიშვნელობა, შესაბამისი განმარტებები (გლოსარიუმი) მოცემული იქნება კატალოგის დასაწყისში, პირველ ლოტამდე.
31. მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა
წინამდებარე „საქმიანობის პირობები“, აგრეთვე მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რეგულირდება და განიმარტება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად.
ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე საქმიანობის პირობებიდან ან მათთან კავშირში (მათ შორის არასახელშეკრულებო დავები), გადაწყდება პირველ რიგში კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების გზით.
დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს დავის შესახებ. მხარეები ვალდებულნი არიან დაიწყონ მოლაპარაკება შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში და კეთილსინდისიერად ეცადონ დავის გადაწყვეტას.
31.1. მედიაცია
თუ დავა ვერ გადაწყდება მოლაპარაკების გზით, იგი გადაეცემა მედიაციას.
• მედიაცია ჩატარდება ნეიტრალური მედიატორის მონაწილეობით;
• მედიატორი შეირჩევა მხარეთა შეთანხმებით;
• შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში მედიატორი დაინიშნება შესაბამისი მედიაციის ინსტიტუტის მიერ ნიდერლანდებში;
მედიაციის პროცესი უნდა დასრულდეს მისი დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
31.2. არბიტრაჟი
თუ დავა ვერ გადაწყდება მედიაციის გზით, იგი საბოლოოდ გადაწყდება არბიტრაჟის გზით, შემდეგი პირობებით:
• არბიტრაჟი ჩატარდება Netherlands Arbitration Institute (NAI)-ის წესების შესაბამისად;
• არბიტრაჟის ადგილი იქნება: ამსტერდამი, ნიდერლანდები;
• არბიტრაჟის ენა: ინგლისური;
• დავა განიხილება ერთი არბიტრის მიერ, თუ დავის ღირებულება არ მოითხოვს კოლეგიურ შემადგენლობას NAI-ის წესების შესაბამისად;
არბიტრაჟის გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულო მხარეებისთვის და ექვემდებარება აღსრულებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
31.3. მცირე ღირებულების დავები
არბიტრაჟზე შეთანხმების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ დავის ღირებულება არ აღემატება 10,000 (ათი ათასი) ევროს, თითოეულ მხარეს აქვს უფლება საკუთარი შეხედულებით მიმართოს:
• კომპეტენტურ სასამართლოს;
ამ შემთხვევაში არბიტრაჟის სავალდებულო მექანიზმი არ ვრცელდება.
31.4. კონფიდენციალურობა
მედიაცია და არბიტრაჟი, ასევე მათ ფარგლებში გაცვლილი ინფორმაცია, არის კონფიდენციალური, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამჟღავნება აუცილებელია:
• კანონით;
• არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით;
32. შეტყობინების წესი
ყველა მყიდველი და გამყიდველი (ასევე ნებისმიერი პოტენციური მყიდველი ან გამყიდველი) შეუქცევადად აცხადებს თანხმობას, რომ ნებისმიერი შეტყობინება, კომუნიკაცია ან სასამართლო დოკუმენტის ჩაბარება განხორციელდეს მათ იმ ბოლო ცნობილ მისამართზე, რომელიც რეგისტრირებულია ან ცნობილია ჩვენთვის.
32.1. ელექტრონული კომუნიკაციის ვალიდურობა და მტკიცებულებითი ძალა
მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია, მათ შორის:
• ელექტრონული ფოსტა;
• ონლაინ პლატფორმის შეტყობინებები;
• სხვა ელექტრონული საშუალებები;
ითვლება იურიდიულად ვალიდურ და სავალდებულო კომუნიკაციად.
ელექტრონული კომუნიკაციით განხორციელებული შეტყობინებებს, განცხადებებს, შეთანხმებებს და დადასტურებებს აქვთ იგივე იურიდიული ძალა, რაც წერილობით დოკუმენტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს სპეციალურ ფორმას.
32.2. მიღების პრეზუმფცია
ელექტრონული შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად:
• მისი გაგზავნის მომენტიდან, თუ არ დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა; ან
• არაუგვიანეს 24 საათისა გაგზავნიდან,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმღები დაამტკიცებს, რომ შეტყობინება ვერ მიიღო ტექნიკური მიზეზით, რომელიც არ იყო მის კონტროლს დაქვემდებარებული.
32.3. მტკიცებულებითი ძალა
სააუქციონო სახლის მიერ შენახული ელექტრონული ჩანაწერები, მათ შორის:
• ელფოსტის არქივი;
• სისტემური ლოგები;
• პლატფორმის მონაცემები;
ითვლება საკმარის და სარწმუნო მტკიცებულებად, თუ არ დადასტურდება მათი აშკარა უზუსტობა.
32.4. მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი ვალდებულია:
• მიუთითოს სწორი და მოქმედი საკონტაქტო მონაცემები;
• რეგულარულად შეამოწმოს ელექტრონული ფოსტა;
• უზრუნველყოს თავისი ანგარიშისა და კომუნიკაციის უსაფრთხოება;
მომხმარებელი პასუხისმგებელია არასწორი ან მოძველებული საკონტაქტო ინფორმაციის შედეგად წარმოშობილ შედეგებზე.
პლატფორმის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებები (მათ შორის ბიჯის დადასტურება, გამარჯვების შეტყობინება, გადახდის მოთხოვნა) ითვლება ოფიციალურ კომუნიკაციად და სავალდებულოა მომხმარებლისთვის.
32.5. ტექნიკური შეფერხებები
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს კომუნიკაციის შეფერხებაზე ან წარუმატებლობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია მისი:
• განზრახი ქმედებით; ან
• უხეში გაუფრთხილებლობით.
33. მომსახურების შეჩერება და შეწყვეტა
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია, თავისი გონივრული და კეთილსინდისიერი შეფასების საფუძველზე, შეზღუდოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა პლატფორმაზე ან აუქციონში მონაწილეობა, წინამდებარე პირობების შესაბამისად.
33.1. შეჩერება
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიში ან კონკრეტული ტრანზაქცია, თუ:
• არსებობს ეჭვი პირობების დარღვევაზე;
• მიმდინარეობს AML/KYC ან სანქციების შემოწმება;
• დაფიქსირდა საეჭვო, თაღლითური ან არაკეთილსინდისიერი ქცევა;
• არსებობს ტექნიკური ან უსაფრთხოების რისკი;
• საჭიროა დავის ან პრეტენზიის განხილვა;
შეჩერების პერიოდში სააუქციონო სახლი უფლებამოსილია:
• შეაჩეროს ბიჯინგის უფლება;
• შეაჩეროს თანხების გადაცემა;
• შეზღუდოს პლატფორმაზე წვდომა.
33.2. შეწყვეტა
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია შეწყვიტოს მომხმარებლისთან ურთიერთობა ან ანგარიში, თუ:
• მომხმარებელმა არსებითად დაარღვია პირობები;
• წარმოდგენილია ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია;
• დაფიქსირდა თაღლითობა, ბიჯინგის მანიპულაცია ან სანქციების დარღვევა;
• მომხმარებელი ვერ ასრულებს გადახდის ვალდებულებებს;
• არსებობს რეპუტაციული ან სამართლებრივი რისკი.
სააუქციონო სახლი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომსახურება წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუ:
• დარღვევა არის სერიოზული;
• არსებობს კანონის დარღვევის რისკი;
• აუცილებელია ზიანის თავიდან აცილება.
33.3. შედეგები
შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში სააუქციონო სახლი უფლებამოსილია:
• გააუქმოს ბიჯები;
• გააუქმოს ან შეაჩეროს ტრანზაქციები;
• შეაჩეროს ან გაანაწილოს თანხები შესაბამისი პირობების მიხედვით;
• დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში;
ამასთან, შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეს უკვე წარმოშობილი ვალდებულებებისგან.
33.4. მომხმარებლის უფლებები და შეტყობინება
შესაძლებლობის ფარგლებში, სააუქციონო სახლი აცნობებს მომხმარებელს შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ და მიუთითებს ზოგად მიზეზს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
• ინფორმაციის გამჟღავნება აკრძალულია კანონით;
• ეს საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან გამოძიებას.
33.5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
სააუქციონო სახლი არ აგებს პასუხს შეჩერების ან შეწყვეტის შედეგად წარმოშობილ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ზიანი გამოწვეულია:
• განზრახი ქმედებით; ან
• უხეში გაუფრთხილებლობით.
34. ფორს-მაჟორი
არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან შესრულების დაგვიანებისთვის, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული) გარემოებებით - მოვლენებით, რომლებიც არ ექვემდებარება მხარეთა გონივრულ კონტროლს და რომელთა წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. მხარე, რომელსაც შეექმნა შეფერხება, ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს და მიიღოს ყველა ზომა ფორს-მაჟორის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად.