იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციის წესი

 

(1)     კრედიტორს და უძრავი/მოძრავი ნივთის მესაკუთრეს შეუძლიათ იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებით ან სხვა ხელშეკრულებით, იპოთეკის და გირავნობის საგნების აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით, შეთანხმდნენ შპს ,,თბილისის სააუქციონო სახლის" (შემდგომში - სააუქციონო სახლი) მომსახურების შესყიდვაზე. შესაძლებელია ასევე კრედიტორი და მესაკუთრე შეთანხმდნენ რომ სპეციალისტის შერჩევის უფლებამოსილება ექნება ერთ-ერთ მხარეს ან მესამე პირს. ნებისმიერი შემთხვევაში, სააუქციონო სახლი კრედიტორს და ნივთის მესაკუთრეს, როგორც ერთ მხარეს, გაუწევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სააუქციონო მომსახურებას (სპეციალისტის მომსახურებას) ამ კანონისა და სააუქციონო სახლის გირავნობისა და იპოთეკის საგნების აუქციონის  წესის (შემდგომში - აუქციონის წესი) შესაბამისად.

 

(2)     კრედიტორს და ნივთის მესაკუთრეს შეუძლიათ შეთანხმდნენ აუქციონის განსხვავებულ წესებზე. ამასთან, ეს წესი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ამ წესის მიხედვით მომსახურების გაწევა მისაღები უნდა იყოს სააუქციონო სახლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორისა და ნივთის მესაკუთრის შეთანხმებული აუქციონის წესი ეწინააღმდეგება სააუქციონო სახლის აუქციონის წესს, და თუ ამ წესით მომსახურების გაწევის წინააღმდეგია სააუქციონო სახლი, ჩაითვლება, რომ კრედიტორი და ნივთის მესაკუთრე შეთანხმდნენ მიიღონ სააუქციონო მომსახურება სააუქციონო სახლის მიერ დადგენილი აუქციონის წესით.

 

(3)     სააუქციონო სახლის მომსახურების საზღაური შეადგენს:

ა) წარმატებული აუქციონის შემთხვევაში - 590 ლარი დღგ-ს ჩათვლით ერთ ლოტზე აუქციონის ორგანიზებისათვის და ლოტის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 5.9%-ი დღგ-ს ჩათვლით;

ბ) აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში - 590 ლარი დღგ-ს ჩათვლით ერთ ლოტზე აუქციონის ორგანიზებისათვის და 0,59% პირველ აუქციონზე ლოტის საწყისი ღირებულებიდან.

 

(4)           სააუქციონო სახლის შეუძლია მომსახურება გასწიოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტანდარტულ ტარიფთან შედარებით დაბალი ფასით. აუქციონის ორგანიზების ხარჯი როგორც წესი არ ექვემდებარება დაბრუნებას.

 

(5)           იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე იპოთეკის ანდა გირავნობის საგნით, კრედიტორს შეუძლია განუსაზღვროს სააუქციონო სახლს თუ როგორი თანმიმდევრობით მოახდინოს მათი აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანა, ასევე ეს ნივთები აუქციონზე გაიტანოს ერთ ლოტად თუ რამდენიმე ლოტად (მათ შორის შესაძლოა იპოთეკის და გირავნობის საგნები გატანილი იქნას ერთ ლოტად).

 

(6)           სააუქციონო სახლი ადგენს პირველი აუქციონის დროს (დღეს და საათს), ლოტის საწყის ღირებულებას, ჩატარების ფორმას, ბიჯის ოდენობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ბიჯის ოდენობა შეადგენს 500 ლარს, თუ სააუქციონო სახლის მიერ სხვა ოდენობა არ იქნება გათვალისწინებული ლოტის საწყისი ფასის გათვალისწინებით.

 

(7)           სააუქციონო სახლი უზრუნველყოფს აუქციონის დროის გაჭიანურების გარეშე გამართვას.

 

(8)           სააუქციონო სახლი აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის, ასევე სხვა სათანადო მონაცემის შესახებ ატყობინებს მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში შეყვანილ უფლებამოსილ პირებს და კანონით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეტყობინების საჯარო გამოქვეყნებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით, ან რომელიმე ტექნიკური საშუალებით - ტელეფონით (მათ შორის შესაძლებელია სმს-ით), ან ელექტრონული ფოსტით. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ნებისმიერი საშუალებით პირველად მიწოდების დღეს. ამასთან საჯარო გამოქვეყნებით შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნების დღეს, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მიწოდებისას - ჩაბარების დღეს, ტელეფონზე - სატელეფონო შეტყობინების მიწოდების დღეს, ელექტრონულ ფოსტაზე - ელექტრონული შეტყობინების მიწოდების დღეს.

 

(9)           ტელეფონით შეტყობინება იწერება და ოქმდება. კრედიტორი და იპოთეკი/გირავნობის საგნის მესაკუთრე სააუქციონო სახლის მომსახურების გამოყენებით ადასტურებენ, რომ ინფორმირებულები არიან და ეთანმხებიან, რომ ტელეფონით შეტყობინება სააუქციონო სახლმა ჩაიწეროს და დააოქმოს. ჩანაწერი შესაძლოა გამოყენებული იქნას მხოლოდ სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნებისათვის.

 

(10)       სააუქციონო სახლს აუქციონის შესახებ საჯარო შეტყობინება შეუძლია გამოაქვეყნოს გაზეთში ,,ბანკები და ფინანსები", ან გაზეთში ,,სიტყვა და საქმე", ან სააუქციონო სალხის მიერ განსაზღვრულ სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით აუქციონის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება ასევე წარმოადგენს სააუქციონო სახლის მიერ აუქციონის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრის, ნივთზე რეგისტრირებული უფლებების სხვა მფლობელებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა სუბიექტებისათვის.

 

(11)       სააუქციონო სახლი უფლებამოსილია აუქციონის შესახებ ინფორმაცია ასევე მიაწოდოს უძრავი ქონების სააგენტოებს და სხვა პირებს, აუქციონზე მეტი დაინტერესებული შემძენის მოზიდვის მიზნით.

 

(12)       სააუქციონო სახლი უფლებამოსილია აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს ასევე საკუთარ ვებგვერდზე და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

 

(13)       სააუქციონო სახლს შეუძლია აუქციონი გამართოს როგორც საჯარო აუქციონის, ასევე ელექტრონული აუქციონის ფორმით ვებგვერდზე www.auctionhouse.ge ან www.eauction.ge ან სააუქციონო სახლის მიერ შერჩეულ სხვა ვებგვერდზე.  

 

(14)       საჯარო აუქციონი ტარდება სააუქციონო სახლის ფაქტობრივ მისამართზე - ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, ოფისი 35/1 ან სააუქციონო სახლის მიერ შერჩეულ სხვა ადგილზე.

 

(15)       მხარეთა შეთანხმების არ არსებობისას, სააუქციონო სახლი თავად განსაზღვრავს აუქციონი ჩაატაროს საჯარო აუქციონის თუ ელექტრონული აუქციონის ფორმით.

 

(16)       პირველ აუქციონზე იპოთეკის/გირავნობის საგნის (ლოტის) საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯების, აღსრულების ხარჯებისა (სააუქციონო სახლის საზღაური) და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით, თუ იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულების მხარეები არ არიან შეთანხმებული განსხვავებულ საწყის ფასზე. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მხარეთა შეთანხმებას. შესაძლებელია აუქციონზე ნივთის რეალიზაცია დაიბეგროს დამატებითი ღირებულების გადასახადით. ამ შემთხვევაში როგორც წესი ნივთის საწყის ღირებულებაში გაითვალისწინება დღგ-ს თანხა.

(17) აუქციონში მონაწილეობა

 

(1)      აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, მათ შორის აუქციონის გამართვის ინიციატორ პირსაც.

 

(2)      აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა უნდა წარადგინოს:

o    საბანკო გარანტია ლოტის საწყისი ფასის მინიმუმ 10%-ზე (თუ სააუქციონო სახლის მიერ სხვა ოდენობა არ იქნება განსაზღვრული), რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში თანხის სრულ გადახდას. საბანკო გარანტიის პირველადი ბენეფიციარია შპს ,,თბილისის სააუქციონო სახლი", თუ კრედიტორთან ხელშეკრულებით სხვა რამე არ არის გათვალისწინებული;

o    საბანკო გარანტიის ნაცვლად შესაძლებელია აუქციონში მონაწილეობით დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი იქნას საგარანტიო თანხა.

კრედიტორს, რომლის მოთხოვნითაც იმართება აუქციონი, შეუძლია აუქციონში მონაწილეობა მიიღოს საბანკო გარანტიის წარდგენის გარეშე, თუ სააუქციონო სახლი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

 

 

(18)       აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმია მაქსიმალური ფასის შეთავაზება.

 

(19)       აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება არ მოხდება. საჯარო აუქციონზე სააუქციონო სახლმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება სამჯერ და თუ სხვა შემოთავაზება არ იქნება, დაასრულოს აუქციონი. ელექტრონულ აუქციონზე, ელექტრონული აუქციონის სისტემა უზრუნველყოფს უმაღლესი შემოთავაზებული ფასის მიღების შემდეგ მინიმუმ 2 წთ ინტერვალს, იმისათვის რომ სხვა მონაწილემ შეძლოს უფრო მაღალი ფასის შეთავაზება. თუ ამ ვადაში შეთავაზება არ გაკეთდება და აუქციონისათვის გათვალისწინებული ვადა ამოიწურა, გამარჯვებულად გამოცხადდება ბოლო უმაღლესი ფასის შემთავაზებელი.

 

(20)       თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა შესაბამისი შემოთავაზება, ინიშნება მეორე აუქციონი, რომელზეც ნივთის/ლოტის საწყისი ფასი იქნება პირველ აუქციონზე საწყისი ფასის ნახევარი, თუ კრედიტორმა არ მოითხოვა უფრო დაბალ ფასში რეალიზაცია. პირველი აუქციონის შემდეგ კრედიტორს შეუძლია მოთხოვოს სააუქციონო სახლს ლოტის დაშლა და ლოტში შემავალი ნივთების რამდენიმე ლოტად გატანა მეორე და შემდეგ აუქციონზე.

 

(21)       თუ მეორე აუქციონზე არ მოხდა შესაბამისი შემოთავაზება, ინიშნება მესამე აუქციონი, რომელზეც ნივთის/ლოტის საწყის ფასს განსაზღვრავს სააუქციონო სახლი, რომელიც არის პირველი აუქციონის საწყისი ფასის 5%.

 

(22)       კრედიტორს უფლება აქვს როგორც პირველი აუქციონის შემდეგ, ისე მეორე აუქციონის შემდეგაც თუკი აუქციონზე არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მოითხოვოს და მიიღოს ნატურით საკუთრებაში აუქციონზე გატანილი ნივთი, იმ ფასში რა ფასშიც იყო ის გატანილი აუქციონზე, ნატურით მიღების შესახებ განცხადების გაკეთებამდე.

 

(23)       იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციიდან გამომდინარე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს მესაკუთრე შეასრულებს საკუთარი ხარჯით.

 

(24)       იმ შემთვევაში თუ სააუქციონო სახლისათვის ცნობილია, რომ მესაკუთრე წარმოადგენს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელს ან აუქციონზე გასატანი ნივთიდან გამომდინარე მისი რეალიზაცია ითვალისწინებს მესაკუთრისათვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის ვალდებულების წარმოშობას, სააუქციონო სახლი ნივთის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლიდან აკავებს დამატებითი ღირებულების გადასახადს და იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში, დარჩენილი თანხით იფარება ნივთის შეფასების, აუქციონის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯი და სააუქციონო მომსახურების საფასური, ბოლოს - კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი. თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან წარმოიშობა ზედმეტობა სპეციალისტი ვალდებულია ასეთი თანხები მიმართოს საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის დასაფარად, ხოლო ასეთი ვალდებულების არ არსებობისას ზედმეტობა დაუბრუნდება მესაკუთრეს.

 

(25)       სააუქციონო სახლს შეუძლია თავისი ინიციატივით შეწყვიტოს სააუქციონო მომსახურება, თუ ნივთის აუქციონის წესით რეალიზაცია აღმოჩნდება შეუძლებელი ან რეალიზაციის შედეგის აღსრულება აღმოჩნდება შეუძლებელი. ამ შემთხვევაში აუქციონის ორგანიზების ხარჯის უკან დაბრუნება არ ხდება.

 

(26)       თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ფასს, სააუქციონო სახლი აუქმებს აუქციონის შედეგებს და ატარებს ხელახალ აუქციონს.

 

(27)       სააუქციონო სახლი ლოტის შემძენის მოთხოვნის საფუძველზე აუქმებს აუქციონის შედეგებს იმ შემთხვევაშიც, როცა შემძენი ვერ მოახერხებს აუქციონზე შეძენილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ან აუქციონზე შეძენილი მოძრავი ნივთის მიღებას მასზე ყადაღის, აკრძალვის ან სხვა შეზღუდვის რეგისტრაციის გამო, ან მისგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზით. შემძენს მის მიერ გადახდილი საფასური სრულად უბრუნდება იმავე არხით, რომლითაც თავდაპირველად მოხდა თანხის გადახდა, აუქციონის გაუქმებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც სააუქციონო სახლი მართავს ხელახალ აუქციონს.

 

(28)       ხელახალი აუქციონი განიხილება იმ აუქციონის შემცვლელად, რომლის შედეგებიც იყო გაუქმებული (მაგალითად, თუ გაუქმდა მეორე აუქციონის შედეგები, ლოტზე ხელახლა ტარდება მეორე აუქციონი).

 

(29)       იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულების მხარეებმა შესაძლებელია გაითვალისწინონ, რომ თუ იპოთეკის/გირავნობის საგანი, მიუხედავად იმისა რომელი აუქციონი იმართება, არ გაიყიდება აუქციონზე, კრედიტორს შეუძლია სააუქციონო სახლს წერილობით განუცხადოს, რომ ბოლო აუქციონზე იპოთეკის/გირავნობის საგნის საწყისი ღირებულებით ნატურით საკუთრებაში იღებს იპოთეკის/გირავნობის საგანს. ამ შემთხვევაში, კრედიტორი უნაზღაურებს სააუქციონო სახლს მომსახურების საზღაურს და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს (თუ ნივთის რეალიზაცია ითვალისწინებს დღგ-თი დაბეგრგვას). სააუქციონო სახლი გასცემს განკარგულებას, რომლითაც ადასტურებს კრედიტორის მიერ შესაბამისი უძრავი/მოძრავი ნივთის შეძენას.

 

(30)    კრედიტორს შეუძლია შეაჩეროს სააუქციონო მომსახურების მიღება ერთჯერადად, 30 კალენდარული დღის ვადით, რისთვისაც წერილობით უნდა მიმართოს სააუქციონო სახლს. შეჩერების ვადა თუ გაცდება 30 კალენდარულ დღეს, სააუქციონო სახლს შეუძლია ხელახლა გადაახდევინოს კრედიტორს აუქციონის ორგანიზების ხარჯი (ფიქსირებული საზღაური) სრულად ან ნაწილობრივ. ამასთან, პირველ აუქციონზე ლოტის საწყისი ღირებულების გაანგარიშებისას, ხელახლა გადახდილი აუქციონის ორგანიზების ხარჯი არ გაითვალისწინება. შეჩერების ვადის გახანგრძლივება დასაშვებია 60 კალენდარული დღის ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აუქციონი შეწყვეტილად ჩაითვლება.

 

 

(31)       შესაძლოა სააუქციონო მომსახურება შეწყდეს კრედიტორის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი აუქციონის ვადის ამოწურვამდე, მიუხედავად იმისა შეწყვეტამდე მიღებული იქნება თუ არა ბიჯ(ებ)ი ლოტზე. შეწყვეტაზე მიმართვამდე სააუქციონო სახლს უნდა აუნაზღაურდეს პირველ აუქციონზე დაფიქსირებული/დასაფიქსირებელი ლოტის სარეალიზაციო ფასის 0.59 % დღგ-ს ჩათვლით. სააუქციონო სახლს შეუძლია უარი თქვას დაწყებული ელექტრონული აუქციონის შეწყვეტაზე, თუ: ა) ტექნიკურად შეუძლებელია შეწყვეტა; ბ) შეწყვეტა წინააღმდეგობაში მოვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან; ან გ) არ იქნება გადახდილი ამ მუხლით გათვალისწინებული აუქციონის შეწყვეტის საზღაური. აუქციონის შეწყეტის საფუძვლით სააუქციონო სახლის მიმართ ზიანის ანაზღაურების, ხარჯების დაფარვის ან სხვა მოთხოვნის უფლება კრედიტორს, მესაკუთრეს, მოვალეს, ან ლოტზე ბიჯის დამდებს არ წარმოეშობა. “

 

(32)       სააუქციონო სახლი კონკრეტულ აუქციონთან დაკავშირებულ დოკუმენტებს დოკუმენტის ფორმით ინახავს მხოლოდ 1 კალენდალური წლის განმავლობაში, რის შემდეგაც შესაძლოა ეს დოკუმენტები ან მათი ნაწილი განადგურდეს. სააუქციონო სახლი უფლებამოსილია ამ დოკუემენტების ელექტრონული არქივი შეინახოს უფრო ხანგძლივი ვადითაც.

 

(33)       სააუქციონო საქმის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ კრედიტორს და შესაბამის ლოტში შესული ნივთის მესაკუთრე(ებ).  სააუქციონო სახლს შეუძლია დოკუმენტების ასლების მიწოდებისათვის დაადგინოს გონივრული საზღაური დოკუმენტების მოცულობის გათვალისწინებით.

 

(34)       სააუქციონო სახლს შეუძლია ცვლილებები და დამატებები შეიტანოს აუქციონის წესში. ცვლილებები და დამატებები ძალაში შევა სააქციონო სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

 

 

 

 

  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge